თეგებით ძიება

ქუჩის გარეშე პროცესი ვერ დაიძვრება - ვახტანგ ძაბირაძე

ქუჩის პროტესტის გარეშე ეს პროცესი ვერ დაიძვრება, ეს არის ანბანური ჭეშმარიტება. რამდენად მძლავრი იქნება ეს პროტესტი, ეს ოპოზიციის ქმედებებზე იქნება დამოკიდებული და იმაზე, რეალურად, როგორი მხარდაჭერა აქვს, - ამის შესახებ პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე, ხმების დაცვის მიზნით ოპოზიციური პარტიების გეგმებზე საუბრისას აცხადებს.

როგორც ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თუ თუ ოპოზიცია ვერ შეძლებს პროტესტის აგორებას, ეს იმას ნიშნავს, რომ მას არ აქვს მოსახლეობაში მხარდაჭერა.

„ალბათ, ოპოზიციამაც და საზოგადოებამაც უნდა ეძებოს ის მიზეზები, თუ რამ მიგვიყვანა აქამდე და რა უნდა გავაკეთოთ შემდგომ. მიუხედავად იმისა, ოპოზიცია შეძლებს თუ არა საპროტესტო ტალღის აგორებას, ეს პროცესი ამით არ დასრულდება, რადგან „ქართული ოცნება“ გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რითაც არჩევნებამდე მოვიდა. ეს არ ეხება მარტო არჩევნებს, ეს ეხება „ქართული ოცნების“ ზოგად პოლიტიკას, მათ შორის საგარეოს. საგარეო კურსიდან გამომდინარე, მივიღებთ იმას, რაზეც პარტნიორები გვაფრთხილებენ - ევროკავშირისკენ ჩვენი სვლა შეჩერდება. ფაქტობრივად, „ქართული ოცნება“ ჩვენი პარტნიორებისთვის გამოცხადდება მიუღებელ პოლიტიკურ ძალად. როცა ვლაპარაკობთ „ბელარუსიაციაზე“, უნდა ველოდოთ არა მარტო საპროტესტო აქციებს, არამედ იმ სანქციებსაც, რაც მაგალითად, ბელარუსმა ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან მიიღო. თუ არის საზოგადოება ამისთვის მზად, ე.ი. ასეა. თუ მზად არ არის, ე.ი უნდა გააპროტესტოს და იბრძოლოს იმისთვის, რომ ჩვენ მართლა ევროპულ ოჯახს დავუბრუნდეთ“, - განაცხადა ძაბირაძემ.

მისი შეფასებით, ჯერჯერობით ოპოზიცია სწორი მიმართულებით მიდის.

„ძირითადად, სამი მიმართულებაა, რაც ოპოზიციამ უნდა გააკეთოს. ეს არის საპროტესტო ტალღის უზრუნველყოფა, მეორე არის დარღვევების შეგროვება, რაც არჩევნებზე იყო, მისი კლასიფიცირება და სერიოზული დოკუმენტის შექმნა, რომლითაც დადასტურდება, რომ არჩევნები ნამდვილად გააყალბეს. მესამეა ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობა, რომ მათთვის ყველა ინფორმაცია დროულად იყოს მიწოდებული. დღეს ოპოზიცია ელჩებს ხვდება, რამდენად პრაგმატული და რეზულტატის მომტანი იქნება, ამას დავინახავთ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ დარღვევების შესახებ დოკუმენტს ძალიან მალე დადებენ. ორშაბათს ასევე დაგეგმილია აქცია. ალბათ, დეტალურ სამოქმედო გეგმას იტყვიან, მაგრამ ჯერჯერობით ეს 3 მიმართულებაა, რომლის რეალიზება ოპოზიციამ უნდა უზრუნველყოს“, - განაცხადა ძაბირაძემ.

რაც შეეხება საზოგადოების განწყობებს, ვახტანგ ძაბირაძის თქმით, მათი მოლოდინი იყო, რომ ხელისუფლება 50%-იან ბარიერსაც ვერ დაძლევდა, რაც არ გამართლდა.

მისი განმარტებით, როდესაც მოლოდინი არ მართლდება, ეს საზოგადოებაში გარკვეულ დაბნეულობას ყოველთვის იწვევს.

„დრო სჭირდება. ვნახოთ, ოპოზიციაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად შეძლებენ ისინი მძლავრი საპროტესტო ტალღის აგორებას. თუ ვერ შეძლებენ, მაშინ ეს პროტესტი გაჩერდება და ხელისუფლება მანდატს შეინარჩუნებს. არასრულფასოვანი, მაგრამ მაინც პარლამენტი იქნება. ალბათ, ოპოზიცია მოვლენების ასეთ განვითარებას არ დაუშვებს. ჯერჯერობით, გასაგებია, რომ საზოგადოებაში გარკვეული გულგატეხილობა არის, მაგრამ ეს გულგატეხილობა უნდა დაიძლიოს და ამაზე ოპოზიციამ უნდა იმუშაოს“, - განაცხადა ძაბირაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა