თეგებით ძიება

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საექსტრადიციო პატიმრობა დამატებით, 3 თვით გაგრძელდა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საექსტრადიციო პატიმრობა დამატებით, 3 თვით, 3 თებერვლამდე გაგრძელდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.

მოსამართლის გადაწყვეტილებას სადივოვის ოჯახის წევრების უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა.

სხდომაზე პროკურატურა სადიგოვის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადის გაგრძელებას ითხოვდა.

სახელმწიფო ბრალმდებლის განმარტებით, პროკურატურას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ სადიგოვის პატიმრობა დამატებით, 3 თვით გაგრძელდეს. პროკურორის თქმით, ის კვლავ იძებნება აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ და მას პროფესიული საქმიანობის გამოყენებით ადამიანის საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს ედავებიან.

აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. ადვოკატ ქეთი ჩუთლაშვილის განმარტებით, სადიგოვის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ უნდა შეცვლოდა. ამასთან, ადვოკატმა ალტერნატივის სახით სასამართლოს პირადი თავდებობა შესთავაზა, რომელშიც სადიგოვს რამდენიმე ქართველი ჟურნალისტი ჩაუდგა.

მოსამართლის კითხვაზე, მას შემდეგ, რაც სადიგოვის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობა იქნა გამოყენებული, რა ახალი გარემოებები გამოიკვეთა საქმეში, რაზეც ის იმსჯელებდა, ადვოკატმა ქეთი ჩუთლაშვილმა უპასუხა, რომ დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა არსებითად არის შეცვლილი. ადვოკატის თქმით, მას პრაქტიკულად არ შეუძლია გადაადგილება და სამედიცინო დოკუმენტაციით დასტურდება მისი საფრთხეები.

მოსამართლის კითხვაზე, პენიტენციურ დაწესებულებაში სადიგოვის ჯანმრთელობის, მოვლა-პატრონობის კუთხით რამე პრობლემა ხომ არ შექმნილა, ადვოკატმა უპასუხა, რომ „ამ ეტაპზე არა“.

სიტყვით ისარგებლა დაკავებულმა აფგან სადიგოვმა და მოსამართლეს, თხოვნით მიმართა, მის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გირაოთი შეეცვალა. ჟურნალისტი ირწმუნებოდა, რომ მისი მხრიდან მიმალვის საფრთხე არ არსებობდა.

„არასდროს ჩამიდენია სისხლის სამართლის დანაშაული. ილჰამ ალიევის მიერ ჩადენილ დანაშაულებს ვამხელდი...ყოველთვის მემუქრებოდნენ ჩემი ოჯახისა და მცირეწლოვანი შვილების მკვლელობით. როცა ნახეს, რომ არ გავჩუმდი, ამბობენ, თურმე, 3000 მანეთი მომითხოვია და იმას რატომ არ ამბობენ, 100 000- დოლარი შემომთავაზეს, რომ გავჩუმებულიყავი, პრეზიდენტის აპარატიდან თეთრი ქაღალდი გამომიგზავნეს, აფგანმა დაწეროს, რა თანხა უნდაო, მე ეს არ მივიღე. მე აზერბაიჯანში ექსტრადირებული თუ ვიქნები და მათ ხელში აღმოვჩნდები, მომკლავენ“, - განაცხადა სადიგოვმა.

მოსამართლემ სადიგოვს განუმარტა, რომ მის მიმართ საფრთხეებზე, დევნაზე, როცა საექსტრადიციო დაშვების საკითხი განიხილება, მაშინ შეუძლია მტკიცებულებები წარადგინოს.

ცნობისთვის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი საქართველოში მიმდინარე წლის 3 აგვისტოს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა აქვს შეფარდებული.

აფგან სადიგოვს აზერბაიჯანში მიმდინარე გამოძიების საფუძველზე გამოძალვის ორ ეპიზოდს ედავებიან.

სადიგოვი 12 სექტემბრიდან შიმშილობს, აღნიშნულის დაწყების მიზეზი მიგრაციის დეპარტამენტისგან თავშესაფრის მიღებაზე უარია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა