თეგებით ძიება

რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა? - იურიდიული რჩევები ოთარ კაჭკაჭაშვილისგან

მიმდინარე თვეში, განსაკუთრებით აქტუალურია ქონების გადასახადის საკითხი. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა დასაბეგრ პირთა ოდენობა, აღნიშნული საკითხი მკითხველის კიდევ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს.

რა მოთხოვნებს აწესებს კანონი ქონების გადასახადთან დაკავშირებით, როდის და რა შემთხვევაში უნდა წარადგინონ ფიზიკურმა პირებმა დეკლარაცია, რა უნდა გავითვალისწინოთ საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობაში? - ამ საკითხებზე Law Office/საადვოკატო ბიურო OK&CG-ის დამფუძნებელი, ადვოკატი ოთარ კაჭკაჭაშვილი გვესაუბრება:

- ბატონო ოთარ, პირველ რიგში, რომ განგვიმარტოთ, რა არის ქონების გადასახადი?

- როგორც თქვენთვის ცნობილია, საგადასახადო სისტემა შედგება საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადებისგან. ქონების გადასახადი კი სწორედ ადგილობრივ გადასახადს მიეკუთვნება. 

ადგილობრივი გადასახადი საგადასახადო კოდექსით დაწესებული და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ ნორმატიული აქტით შემოღებული გადასახადია, რომლის გადახდაც სავალდებულოა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე.

- აქვე, რომ ვახსენოთ, ვინ არიან ქონების გადასახადის გადამხდელები?

- ქონების გადასახადს იხდიან როგორც რეზიდენტი და არარეზიდენტი საწარმო-ორგანიზაციები, ასევე ფიზიკური პირები.

- რა შემთხვევაში იხდის ფიზიკური პირი ქონების გადასახადს?

- ფიზიკური პირი ქონების გადასახადს იხდის იმ შემთხვევაში, როცა მისი ოჯახის ერთობლივი შემოსავალი წინა წლის (01 იანვრიდან 31 დეკემბრის) განმავლობაში აღემატება 40 000 ლარს.

აქვე განვმარტავ, რა შეიტანება ერთობლივ შემოსავალში, ესენია: მიღებული ხელფასი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით), ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი და ასევე, ნებისმიერი სარგებელი, რომელიც არაა დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან.

ხოლო ერთობლივ შემოსავალში არ შეიტანება, მაგალითად: მემკვიდრეობით, ჩუქებით ან განქორწინებისას მიღებული ქონება, ასევე, 2 წელზე მეტი ვადით მის საკუთრებაში არსებული სახლის რეალიზაციით  მიღებული შემოსავალი.

- როდის უნდა წარადგინოს ფიზიკურმა პირმა დეკლარაცია?

- უპირველესად, უნდა აღვნიშნოთ, რომ ქონების გადასახადი გადაიხდება: 

• მიწაზე, შემოსავლის მიუხედავად და  

• დანარჩენ უძრავ ქონებაზე, შემოსავლის მიხედვით.

ფიზიკური პირი, რომელიც ფლობს მიწას ან მის წილს, იმის მიუხედავად, მან მიაღწია თუ არა 40 000 ლარიან ზღვარს, ვალდებულია წარადგინოს დეკლარაცია არა უგვიანეს 01 ნოემბრისა, ხოლო ქონების გადასახადი მიწაზე და დანარჩენ ქონებაზე უნდა გადაიხადოს არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.

- საინტერესოა, რა ფარგლებში მერყეობს ქონების გადასახადის განაკვეთი?

- გადასახადის განაკვეთი დიფერენცირებულია 40 000-დან 100 000-მდე და 100 000-ლარიანი ზღვრის ზევით. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის ერთობლივი შემოსავალი 40 000-დან 100 000 ლარამდე ზღვარშია, მაშინ გადასახადის განაკვეთი მერყეობს 0.05-0.2%-ის ფარგლებში, ხოლო, თუ ერთობლივი შემოსავალი სცდება 100 000 ლარს, გადასახადის განაკვეთი მერყეობს 0.8-1%-ის ფარგლებში.  

- რა რჩევას მისცემდით ჩვენს მკითხველს მიმდინარე პერიოდისათვის?

- როგორც უკვე ვახსენე, კანონით დადგენილი წესით, ფიზიკური პირები ვალდებული არიან წარადგინონ დეკლარაცია არა უგვიანეს 01 ნოემბრისა. შესაბამისად, ვინც უკვე წარადგინა დეკლარაცია დადგენილ ვადაში, თუმცა ჯერ კიდევ არ გადაუხდია ქონების გადასახადი მიწასა და დანარჩენ ქონებაზე, ვურჩევდი 15 ნოემბრამდე შეასრულონ ეს ვალდებულებაც, რათა არ დაეკისროთ პასუხისმგებლობა.

ესაუბრა: ნათია ვასაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა