თეგებით ძიება

მემკვიდრეობითი სამართალი - ვის რჩება უძრავი ქონება?

საქართველოში მემკვიდრეობის მიღება კანონით ან ანდერძით ხდება და მკაცრად რეგულირდება. მემკვიდრეობა შეიძლება იყოს კანონით, როცა მემკვიდრეები სამართლებრივი რიგითობით განისაზღვრება, ან ანდერძით, როცა გარდაცვლილი წინასწარ განსაზღვრავს, ვის დარჩება ქონება და რა რაოდენობით. კანონით მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ სიცოცხლეში არსებული პირები, გარდაცვლილის შვილები, მშობლები და მეუღლე; ანდერძით – ნებისმიერი პირი.

როგორც გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტთან“ საუბრისას იურისტმა ბექა თეზელაშვილმა განმარტა, მემკვიდრეობა ვალდებულებებსაც მოიცავს, - თუკი პირს სასესხო ვალდებულებები, იპოთეკური სესხები, გადასახადები და არასრულად შესრულებული ხელშეკრულებები გააჩნდა, ის მემკვიდრეზე მემკვიდრეობის მიღების შემთხვევაში პირდაპირ გადადის.

„მემკვიდრეობა არის გარდაცვლილი პირის მიერ დატოვებული ქონება, რომელიც შეიძლება იყოს უძრავი, მოძრავი, ფინანსური აქტივები, ბიზნეს-წილები ან ინტელექტუალური საკუთრება. უძრავი ქონება მოიცავს ბინებს, სახლებში, საოფისე და კომერციულ ფართებს, ავტოსადგომებს. მოძრავი ქონება არის ავტომობილები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ძვირფასეულობა. ფინანსური აქტივები მოიცავს საბანკო ანგარიშებს, დივიდენდებს, ხოლო ბიზნესაქტივები – შპს-ის ან სააქციო საზოგადოების წილებს. ინტელექტუალური საკუთრების აქტივები კი საავტორო უფლებებიდან მიღებულ შემოსავალს გულისხმობს.

მემკვიდრეობა შეიძლება მიიღონ ანდერძის საფუძველზე ან კანონით, თუ ანდერძი არ არსებობს. საქართველოს კანონმდებლობა მკაცრად განსაზღვრავს მემკვიდრეობის რიგითობას: პირველი რიგის მემკვიდრეები არიან: მეუღლე, შვილები და მშობლები; მეორე რიგის და, ძმა, ბებია და პაპა; მესამე რიგი – დეიდები, ბიძები, მამიდები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მემკვიდრეობას თან ახლავს ვალდებულებებიც. სასესხო ვალდებულებები, იპოთეკური სესხები, გადასახადები და არასრულად შესრულებული ხელშეკრულებები პირდაპირ გადადის მემკვიდრეზე, თუ ის იღებს მემკვიდრეობას. ეს ეხება როგორც უძრავ, ასევე მოძრავ ქონებას – მაგალითად, დეველოპერულ კომპანიაში შეძენილ უძრავ ფართს, რომელიც ჯერ რეგისტრაციაზე არ არის, ან ავტომობილს, რომელიც ჯერ საქართველოში არ ჩამოსულა.

პირდაპირი მემკვიდრეების – მეუღლის, შვილებისა და მშობლების – შემთხვევაში, თუ ქონების გადანაწილებაზე კონფლიქტია, კანონით გათვალისწინებული წესების გარდა მნიშვნელოვანია თანასაკუთრების უფლება. მაგალითად, ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება, თუნდაც რეგისტრირებული მხოლოდ გარდაცვლილის სახელზე, შეიძლება სრულად არ ეკუთვნოდეს მას – მეუღლეს მიეკუთვნება თანასაკუთრების წილი. სასამართლო პროცესის დროს ეს წილი პირველ რიგში უნდა გამოეყოს მეუღლეს, ხოლო შემდეგ დარჩენილი ქონება მემკვიდრეებზე თანაბრად გადანაწილდება. განქორწინების შემთხვევაში ყოფილ მეუღლეს სამკვიდრო უფლება არ აქვს, თუმცა, თუ ქონება შეძენილია ქორწინების პერიოდში და ჯერ არ არის გაყოფილი, მას შეუძლია თანასაკუთრების წილის მოთხოვნა. რეალურად, რეგისტრირებული მეუღლე იღებს მხოლოდ მის წილს, დანარჩენი გადანაწილდება მემკვიდრეებზე.

ანდერძის აღიარებისთვის აუცილებელია, რომ ის იყოს წერილობითი და ნოტარიუსთან დამოწმებული, რეგისტრირებული სანოტარო ბაზაში. ზეპირსიტყვიერი ან ხელწერილით დაწერილი ანდერძი სასამართლოში ხშირად არ აღიარება, განსაკუთრებით, თუ დაძალების ან ზეწოლის მტკიცებულებები არსებობს. ანდერძში აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული სავალდებულო წილი არასრულწლოვან, უუნარო ან სხვა მემკვიდრეებზე.

მემკვიდრეებს მემკვიდრეობის მიღებისას ექნებათ ექვსთვიანი ვადა, რათა გადაწყვიტონ, მიიღონ თუ უარი თქვან მემკვიდრეობაზე. პრაქტიკოსები აფრთხილებენ, რომ მემკვიდრეობის მიღებამდე მნიშვნელოვანია დეტალურად შეისწავლონ ქონებასთან დაკავშირებული ვალდებულებები, რათა არ აღმოჩნდნენ მოულოდნელ ფინანსურ პასუხისმგებლობებში." - განაცხადა ბექა თეზელაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა