საქართველო ზედმიწევნით ასრულებს საერთაშორისო სანქციებს, თუმცა რუსეთისთვის პირდაპირი სანქციების დაწესება არაგონივრულია - გიორგი აბაშიშვილი
"ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა, რომ საქართველო მიერთებულია საერთაშორისო სანქციებს და ქვეყანას ასეულობით შემთხვევა აქვს გამოვლენილი, როდესაც, სამწუხაროდ, სწორედ ევროპული ქვეყნებიდან იყო გარკვეული ტიპის საქონლის შეტანის მცდელობა საქართველოს გავლით, რათა მოხვედრილიყო რუსეთში.
„ხაზს ვუსვამ, ეს მცდელობები იყო ევროპული ქვეყნებიდან. ეს იყო სწორედ ქართული საბაჟოს, ქართული სახელმწიფოს მიერ აღკვეთილი. ასე რომ, საქართველო ზედმიწევნით ასრულებს საერთაშორისო სანქციებს“, – განაცხადა აბაშიშვილმა.
მისი თქმით, სანქციების დაწესების შემდეგ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც რუსული „ვითიბი ბანკი“ დაიხურა, იყო საქართველო და ეს არავის არ უნდა დაავიწყდეს.
„მათ შორის, ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა ამ ნაწილში გაცილებით სწორი შეფასებები უნდა გააკეთონ. მესმის, რომ ომში მყოფი ქვეყნის კრიტიკა ძნელია, მაგრამ ეს არის ფაქტები, რომელსაც, მსუბუქად რომ ვთქვათ, ძალიან მარტივი დაკვირვება სჭირდება“, – განაცხადა აბაშიშვილმა.
მისი თქმით, საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებით არცერთ ოფიციალურ დონეზე შენიშვნა ქვეყნის არცერთ პარტნიორს არ ჰქონია.
„ანუ, თანამშრომლობა ამ კუთხით არის იდეალური. ეს შეეხება როგორც ორმაგი დანიშნულების პროდუქციის გადაადგილების შეზღუდვა-აკრძალვას, ისე პირდაპირ სანქცირებულ პროდუქციას“, – განაცხადა აბაშიშვილმა.
ამასთან, „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელმა განმარტა, რომ რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესება არის აბსურდული მოთხოვნა საქართველოსთან მიმართებაში.
„როცა რაღაც ნაბიჯზე ვსაუბრობთ, იმ ნაბიჯს ხომ რაღაც შედეგი უნდა მოჰყვეს? წარმოვიდგინოთ, რომ საქართველომ რუსეთს დაუწესოს ორმხრივი სანქციები. ვინ უფრო დაზარალდება ამით, რუსეთის ეკონომიკა თუ საქართველოს ეკონომიკა? ვინ მოიგებს ამით, რუსეთი, საქართველო თუ რა მოხდება? ვინც ასეთი ტიპის თეორიებზე საუბრობს, მარტივად ხომ შეუძლია, რუსეთის ეკონომიკის ჯამური მოცულობა ტრილიონ დოლარებში გადმოიტანოს და შეადაროს საქართველოს ეკონომიკის მოცულობას?“ – განაცხადა აბაშიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს შეუძლია თეორიულად დაუწესოს სანქციები რუსეთს, თუმცა აქ ხელისუფლებასთან მიმართებით არის მთავარი კითხვა: მზად არის ხელისუფლება იმ სოციალური უკმაყოფილებისთვის რაც ამ ქვეყანაში მოხდება?
„საქართველოს მოსახლეობა დღეს არ არის მზად,რომ საწვავში უფრო ძვირი გადაიხადოს. ეს საერთაშორისო ფასია, ჩვენ არ ვაწარმოებთ და საწვავზე ფასი კიდევ 1,5 ლარიდან 2 ლარამდე მოიმატებს, იმიტომ რომ მხოლოდ ევროპული საწვავის იმედად დავრჩებით. მზად ვართ ჩვენ ამისთვის? აღარაფერს ვიტყვი სხვა მარტივ პროდუქციაზე“, -აღნიშნა აბაშიშვილმა.
„ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელმა ასევე მოიყვანა რამდენიმე მაგალითი, თუ როგორი სავაჭრო ურთიერთობები აქვთ ევროკავშირის ქვეყნებს რუსეთთან:
„იცით თუ არა, რომ ლიეტუვამ და ლატვიამ ერთად, რუსეთში შეიტანეს ორჯერ მეტი ღვინო ვიდრე საქართველომ და ათეულში, 2023 წელს ვინც რუსეთში ღვინო შეიტანა 6 თუ 7 ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და საქართველომ უნდა დაუწესოს სანქციები? იცით თუ არა რომ ლატვიამ რუსეთში ყველაზე მეტი ვისკი შეიტანა. წარმოგიდგენიათ, რომ ეს ვისკი ლატვიაში იწარმოება?“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ღვინის ექსპორტი მნიშვნელოვანია და თუ სანქციები დაწესდა ეს ბაზარი ჩაიკეტება და მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება ღვინის მწარმოებლებსა და კახელ გლეხებს.
„ევროკავშირის ორი ქვეყანა დავასახელე, რომელიც რუსეთში საქართველოზე ორჯერ მეტ ღვინოს ყიდის. მესამე ადგილზეა პირობითად იტალია, პორტუგალია და ა.შ. ესენი ჩვეულებრივად ვაჭრობენ ამ ნაწილში და ამავდროულად ჩვენ როგორ უნდა დავაწესოთ სანქციები? ეს ხომ ნიშნავს ავტომატურად იმას, რომ საქართველოს მთლიანად ეკეტება ეს ბაზარი. საქართველოს ახლა, როგორც არასოდეს აქვს მთლიანად დივერსიფიცირებული ბაზარი. ყველაზე მეტად ახლა ევროკავშირთან გვაქვს გაზრდილი სავაჭრო ურთიერთობები. საქართველო შშეუერთდა ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო ხელშეკრულებას, რეგიონის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, რომლებმაც აირჩიეს ევრაზიული კავშირი. საქართველოს არ აურჩევია ევრაზიული კავშირი, საქართველომ აირჩია DCFTA,- გამომდინარე ასოცირების ხელშეკრულებიდან. საქართველომ აირჩია ევროკავშირთან სიახლოვე და DCFTA-ში პირდაპირაა მოცემული, რომ საქართველოს აქვს უფლება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ჰქონდეს სხვა ქვეყნებთან, ამ შემთხვევაში რუსეთიც იგულისხმება“, - განაცხადა აბაშიშვილმა.
მისი თქმით, რუსულ ნავთობს ყიდულობენ ევროკავშირის ქვეყნებიც, თუმცა ეს პირდაპირ არ ხდება.
„მაგალითად, როდის აქეთ გახდა ინდოეთი, ჩინეთი, სინგაპური მითუმეტეს ნედლი ნავთობის მწარმოებელი? ევროკავშირი, კანადა მათ შორის ყველაზე მეტ ნედლ ნავთობს ყიდულობს ამ ქვეყნებიდან. რუსეთიდან ამ ქვეყნებში ხდება ნედლი ნავთობის გატანა და შემდეგ ამ ქვეყნებიდან შესყიდვა. ან უნდა ვთქვათ, რომ ასე მოვიტყუებთ თავს ასეთი სქემებით, ან ისე,რომ თითქოს ვისკის მწარმოებელია ლიეტუვა და ლატვია, რომ რუსეთში პირველი მიმწოდებელია, ან ისეთი მწარმოებლები არიან, რომ რუსეთში საქართველოში ორჯერ მეტი ღვინო შეაქვთ. ან ასე მოვიტყუებთ თავს ან იმ სიმართლეს ვილაპარაკებთ რასაც ვლაპარაკობთ. ვამბობთ ძალიან მარტივ რამეს: საქართველო იქნება საერთაშორისო სანქციების ერთგული, რომელიც დაუწესა ცივილურმა მსოფლიომ რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო. დიახ, საქართველო იღებს პასუხისმგებლობას და მხარს უჭერს უკრაინას და მხარს უჭერს სანქციებს“, - განაცხადა აბაშიშვილმა.