თეგებით ძიება

თვეში 4100 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე პირებს აზარტული თამაშები შესაძლოა, აეკრძალოთ - ინიციატივა

თვეში 4100 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე პირებს შესაძლოა, აზარტული თამაშები აეკრძალოთ. ამის შესახებ ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაციას „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ აქვს.

როგორც ორგანიზაციის პრეზიდენტმა თამარ ჯაფარიძემ bpn.ge-სთან საუბრისას განაცხადა, წლიურად არაუმეტეს 50 000 ლარი შემოსავლის ( შესაბამისად, თვიურად საშუალოდ, 4100 ლარზე ნაკლები შემოსავლის) მქონე პირებს აზარტულ თამაშობებში ჩართვის უფლება არ უნდა ჰქონდეთ, რისთვისაც შესაბამისი კანონპროექტი მზადდება.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ჩაწყნარდება, ინიციატივა კანონპროექტის სახეს მიიღებს და პარლამენტსაც წარედგინება.

„ჩვენ ალბათ, საკანონმდებლო დონეზე შევიტანთ ძალიან ბევრი მუხლის ცვლილების საკითხს. ჩვენ მიზანია, რომ წლიურად 50 000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე პირს, არ მიეცეს აზარტულ თამაშებში ჩართვის უფლება. თუ ამ თანხას გადააჭარბებს, მხოლოდ მაშინ შეძლოს ადამიანმა, რომ ითამაშოს და დახარჯოს 12%. კარგად უნდა გაანალიზდეს და შეჯამდეს რისკები.

ვფიქრობ, ყველა გზა უნდა გამოინახოს ამ ადამიანების გადასარჩენად. სხვანაირად, 64 მლრდ ლარია ბრუნვა (აზარტული ბიზნესების 2023 წლის ბრუნვა) და გამოდის, მეც ვთამაშობ და თქვენც?!

ზუსტად ვერ გეტყვით, ამ ინიციატივას როდის წარვადგენთ. ახლა თავდაყირაა ეს ქვეყანა და როცა ცოტა დალაგდება და დაწყნარდება. მინდა, რომ კვალიფიციურად შეხედონ ამ საკითხს და არა ანგაჟირებულად, პოლიტიკური თვალსაზრისით. რადგან სოციალური სახელმწიფო გვქვია, მინდა, ზუსტად ამ კუთხით მივუდგეთ და გადავჭრათ ადამიანების სასიკეთოდ“,- ამბობს თამარ ჯაფარიძე.

ცნობისთვის, აზარტული თამაშების საქმიანობებით დაკავებულ საწარმოთა ბრუნვამ 2023 წელი მორიგი რეკორდული მაჩვენებლით დაასრულა. გასული წელი სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 63.994 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 11.647 მლრდ ლარით მეტია 2022 წელთან შედარებით.

საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვის მოცულობა შეადგენდა 52.647 მლრდ ლარს, 2021 წელს - 47.938 მლრდ ლარს, 2020 წელს კი 32.091 მლრდ ლარს. მთლიანად კი გასულ წელს სათამაშო ბიზნესის წილი ბიზნეს სექტორის მთლიან ბრუნვაში 31.2% იყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა