ძნელია, საღი აზრის მქონე ადამიანმა დაიჯეროს, რომ 350 ათასი ადამიანი ჩამოატარეს „კარუსელებზე“ - არ მჯერა, რომ 100 ათასზე მეტ ადამიანს ჩამოართვეს პირადობის მოწმობა - ლევან იოსელიანი
ძნელია, საღი აზრის მქონე ადამიანმა დაიჯეროს, მაგალითად, რომ 350 ათასი ადამიანი ჩამოატარეს „კარუსელებზე“. 350 ათასი ადამიანი რომ ატარო სხვადასხვა უბანზე, თუნდაც ასე რომ იყოს, ამას სჭირდება, დაახლოებით 30 ათასი სამარშრუტო ტაქსი ან 10 ათასზე მეტი ავტობუსი. ეს ყველაფერი ისე მოხდა, რომ ამ ქვეყანაში ვერავინ ვერაფერი გაიგო, მე ამის არ მჯერა, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, მას ასევე არ სჯერა, რომ 100 ათასზე მეტ ადამიანს პირადობის მოწმობა ჩამოართვეს ისე, რომ 1 ადამიანი არ გამოჩნდა ვინც იტყოდა, რომ პირადობის მოწმობები იძულებით ჩამოართვეს.
„მე, როგორც სახალხო დამცველი, არ ვარ რომელიმე პოლიტიკური პარტიის გვერდით. მე არ ვდგავარ მათთან, ხშირ შემთხვევაში არ ვიმეორებ აბსურდულ განცხადებებს, რომელიც ძნელია საღი აზრის მქონე ადამიანმა დაიჯეროს, მაგალითად, 350 ათასი ადამიანი ჩამოატარეს „კარუსელებზე“. 350 ათასი ადამიანი რომ ატარო სხვადასხვა უბანზე, თუნდაც ასე რომ იყოს, ამას სჭირდება, დაახლოებით 30 ათასი სამარშრუტო ტაქსი ან 10 ათასზე მეტი ავტობუსი. ეს ყველაფერი ისე მოხდა, რომ ამ ქვეყანაში ვერავინ ვერაფერი გაიგო, მე ამის არ მჯერა.
საღი აზრი ჯერ არ დამიკარგავს. არ მჯერა, რომ 100 ათასზე მეტ ადამიანს ჩამოართვეს პირადობის მოწმობა ისე, რომ 1 ადამიანი არ გამოჩნდა. 2 თვეა ვიხვეწებით, ვინმე თუ ხართ, ვისაც პირადობის მოწმობა ჩამოგართვეს, ჩვენთან განცხადება შემოიტანეთ, ერთი არ არის, ვინც იტყვის, რომ მე ვარ ის კაცი, ვისაც პირადობის მოწმობა იძულებით ჩამომართვეს“,- განაცხადა იოსელიანმა.
ამასთან, როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, პროცედურული დარღვევები "რა თქმა უნდა, იყო".
„არის რაღაცები, რაც ობიექტური მოცემულობაა. მართლა მელანმა გამოჟონა, ოღონდ ეს არის დიდ კონტექსტში შესაფასებელი, რამდენად მიემართება ეს შენი ნების გამოვლენას, რომ მიხვედი, იყო თუ არა შენი ნების გამოვლენა უზრუნველყოფილი, თუ ამ ნების გამოვლენაზე ვინმე ახდენდა გავლენას. ჩემი, როგორც სახალხო დამცველის ამოცანაა დავინახო ადამიანი დაუბრკოლებლად აძლევდა თუ არა ხმას. პროცედურული დარღვევები, რა თქმა უნდა იყო. ვინ ამბობს, რომ არ იყო, აბა ამდენი საჩივარი რაზეა დაწერილი? რა თქმა უნდა, ეს დარღვევები იყო. ამის ყველაზე კარგი მაგალითია ეუთო/ოდირის დასკვნა, სადაც უამრავი დარღვევაზეა საუბარი“,- განაცხადა იოსელიანმა.