თურქეთი უცხოელი აგენტების კანონის მიღებას გეგმავს - Bloomberg
თურქეთი უცხოური გავლენის წინააღმდეგ კანონის მიღებას გეგმავს. ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება.
გამოცემის ცნობით, კანონმდებლობა, რომელსაც პარლამენტში უახლოეს დღეებში განიხილავენ, ისეთი სუბიექტების შეზღუდვას ისახავს მიზნად, რომლებიც „სახელმწიფოს უსაფრთხოების, ან მისი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკური ინტერესების“ წინააღმდეგ მოქმედებენ უცხო ქვეყნის, ან ორგანიზაციის გავლენით, ან ბრძანებით.
Bloomberg-ის მიერ ნანახი კანონპროექტის თანახმად, ასეთი საქმიანობისთვის სასჯელი შეიძლება შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდეს.
„ეს ნაბიჯი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიის მიერ შემოთავაზებული უფრო ფართო სამართლებრივი პაკეტის ნაწილია. ის ჰგავს საქართველოში ცოტა ხნის წინ მიღებულ კანონს უცხოელი აგენტების შესახებ, რამაც დასავლური სახელმწიფოების კრიტიკა და მასობრივი პროტესტი გამოიწვია“, - წერს Bloomberg-ი.
თურქმა სასამართლო ექსპერტებმა და ჟურნალისტებმა კანონის ბუნდოვანებისა და ფართო ფორმულირების გამო შეშფოთება გამოთქვეს. მათი თქმით, თურქეთის პოლიტიკური ინტერესები ცვალებადია და შესაძლოა, ხელისუფლებამ ეს ბუნდოვანება გამოიყენოს, რათა მთავრობის წინააღმდეგ ნებისმიერ კრიტიკას გაუმკლავდეს.