თეგებით ძიება
03. 11. 2024 მსოფლიო

„სხვისი არამატერიალური ღირებულების მითვისება არაკეთილსინდისიერებაა“ - ფაშინიანი მოითხოვს, რომ „სომხურ კონიაკს“ კონიაკი აღარ უწოდონ

საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 2021 წელს სომხეთი დათანხმდა, რომ ევროკავშირის ფინანსური დახმარების სანაცვლოდ, მის მიერ წარმოებული სასმელებისთვის “კონიაკი“ აღარ ეწოდებინათ.

ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე გაიხსენა, რომ კონიაკი, შამპანურის მსგავსად, თავდაპირველად არა სასმლის, არამედ რეგიონის სახელი იყო. ამიტომ, სახელწოდება “კონიაკი“ საფრანგეთის არამატერიალური ღირებულებაა და აქედან გამომდინარე, სომხეთის რესპუბლიკაშიც მიდგომა უნდა შეიცვალოს - არ შეიძლება ითქვას, რომ “კონიაკი“ სომხური სასმელია, მიუხედავად იმისა, რომ სასმლის ეტიკეტებზე ბოლო 100 წელია "კონიაკი" იწერება.

„სხვისი არამატერიალური ღირებულების მითვისება არაკეთილსინდისიერებაა. თუ არ შეგვიძლია ახალი სახელწოდების მოფიქრება, მაშინ დაახლოებით ისეთ სახელზე უნდა ვიფიქროთ, როგორიცაა “ბრენდი“, - განაცხადა ფაშინიანმა.

რას ნიშნავს “კონიაკი“

საფრანგეთის კანონმდებლობით, სახელწოდება "კონიაკი" არის გეოგრაფიული აღნიშვნა (AOC, Appellation d'Origine Contrôlée).

განაწესის მიხედვით, კონიაკი შეიძლება ეწოდოს მხოლოდ ძლიერ ალკოჰოლურ სასმელს (კონიაკი), რომელიც საფრანგეთის გარკვეულ რაიონში - შარენტის რეგიონშია წარმოებული. იქვე მდებარეობს ქალაქი, რომელმაც სასმელს სახელწოდება “კონიაკი“ დაარქვა.

თუმცა, დსთ-ს ქვეყნებში დიდი ხანია არის ტრადიცია, რომ სასმელებს აღნიშნული სახელწოდებით მოიხსენიებენ. მაგალითად, “დაღესტნის კონიაკი, “სომხური კონიაკი“ და ა.შ.

სომხეთმა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თანამშრომლობის შეთანხმებას 2017 წელს მოაწერა ხელი. შეთანხმების ფარგლებში, სომეხმა მწარმოებლებმა მიიღეს პროდუქციის ექსპორტის უფლება “სომხური კონიაკის“ სახელით კიდევ 25 წლით.

თუმცა პერიოდის გასვლის შემდეგ, ქვეყანას სახელწოდების შეცვლა მოუწია. უკვე 2021 წლის ივნისში, სომხეთის მთავრობამ დაამტკიცა შეთანხმება “ევროკავშირის ფინანსური დახმარების შესახებ“, რომლის მიხედვითაც ალკოჰოლური პროდუქტებისთვის, სახელწოდება „კონიაკის“ გამოყენების შეწყვეტის სანაცვლოდ, ევროკავშირი სომხეთს 3 მილიონ ევროს გამოუყოფს.

“სომხური კონიაკის“ ისტორია

როგორც ცნობილია, “სომხური კონიაკის“ ისტორია 1887 წელს დაიწყო.

მაშინ ჟურნალ Vinemaking Bulletin-ის მთავარმა რედაქტორმა და დამფუძნებელმა ვასილი ტაიროვმა მისი ძმა დაარწმუნა, სომხეთში კონიაკის წარმოება ფრანგული ტექნოლოგიის გამოყენებით დაეწყო.

ვასილი ტაიროვის ძმა ცნობილი ვაჭარი ნერსეს ტაირიანი იყო. მან რჩევა გაითვალისწინა და არც უნანია...

სომხეთის სსრკ-ში შესვლის შემდეგ, ქვეყანაში შეიქმნა “ერევნის კონიაკისა და ღვინის“ მონოპოლიური გაერთიანება (ტრესტი). სწორედ ნერსეს ტაირიანმა მიიღო მონოპოლია კონიაკის წარმოებაზე.

ყველაზე პოპულარული ბრენდი იყო კონიაკი - Ararat.

დღეს “სომხური კონიაკის“ წარმოების ტექნიკური რეგლამენტი სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით არის გაწერილი. ამ დოკუმენტის მიხედვით, “სომხური კონიაკი არის 40–57% სიძლიერის ალკოჰოლური სასმელი, რომელიც დამზადებულია სომხური კონიაკის სპირტისგან და სულ მცირე სამწლიანი დაძველება აქვს. ასევე წარმოებული და ჩამოსხმულია სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.“

რეგლამენტის თანახმად, სასმელი უნდა იყოს გამჭვირვალე, ნალექის გარეშე, ღია მუქი ყავისფრიდან - ოქროსფრამდე შეფერილობის, უცხო გემოსა და სუნის გარეშე.

ასევე, სომხური კონიაკის საწარმოო მასალა უნდა დამზადდეს სომხეთში მოყვანილი გარკვეული ჯიშებიდან.

დასაშვებია სხვა ჯიშების არაუმეტეს 5% -ის გამოყენება.

წყარო: rbc.ru

BPN.GE


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა