გადადგომას თუ ვერ ბედავთ, ხმის ამოღებასაც ვერა, ან განსხვავებულ აზრის დაფიქსირებას, აბა რაღა დაგრჩენიათ? ნუთუ ესოდენ გეშინიათ?! - პრეზიდენტის მიმართვა ელჩებს
"დიპლომატიის დღეს ვერ მოგილოცავთ!.. საქართველოს დადუმებულო ელჩებო, ზიხართ რამდენ ევროპულ დედაქალაქში და რისთვის??? ისტორია არ დაგივიწყებთ, სულხან საბას კი მოეშვით!" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და დიპლომატიის დღესთან დაკავშირებით, ქართველ დიპლომატებს მიმართავს.
დიპლომატიის დღეს ვერ მოგილოცავთ!
მიუხედავად იმისა, რომ 20 წლის წინ სწორედ ჩემი ინიციატივით დაარსდა ეს მნიშვნელოვანი თარიღი, რომელიც უკავშირდება სულხან საბა ორბელიანის სახელს და მოღვაწეობას და ასეთ იუბილეს უნდა აღვნიშნავდეთ სიამაყით! მითუმეტეს, რომ სულხან საბა ჩვენი ევროპული მისწრაფებების ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. ევროპული გზის რომელსაც მივაღწევთ მხოლოდ დიპლომატიით.
მაგრამ არა, ვერა არც მოლოცვის სურვილი, არც სიამაყის განცდა! დღეს მისი ხსენება სულ ცოტა უხერხულია, როცა ხელისუფლება იმ ნანატრ ევროპულ გზას ფეხქვეშ თელავს, როცა რუსეთისკენ გადადგმულ ნაბიჯებს დიპლომატების უმრავლესობა დუმილით ხვდება და არ აპროტესტებს.
ამ დროს, თქვენ, საქართველოს დადუმებულო ელჩებო, ზიხართ ბრიუსელში, ვაშინგტონში და კიდევ რამდენ ევროპულ დედაქალაქში და რისთვის??? გადადგომას თუ ვერ ბედავთ, ხმის ამოღებასაც ვერა, ან განსხვავებულ აზრის დაფიქსირებას, აბა რაღა დაგრჩენიათ? ნუთუ ესოდენ გეშინიათ?!
რა სულხან საბა, რა ღირსება, რა პროფესიონალიზმი?… მშვიდობა სწორედ მაშინაა საფრთხეში, როცა ქვეყანას არ გივარგა დიპლომატია! თავისუფლება მაშინაა საფრთხეში, როცა ვინც ემსახურება სახელმწიფოს, იმას საკუთარი ლანდის ეშინია! დამოუკიდებლობა კი საფრთხეშია, როცა ისინი ვინც გარეთ უნდა განგაშის სიგნალებს აწვდიდნენ ჩვენ პარტნიორებს რუსეთის ჰიბრიდულ ქმედებებს ვითომც და ვერ იმჩნევენ! გაქვავებულები, გამქრალნი, საელჩოებში ვით სოროებში დამალულნი, არავის მათი ხმა არ გაუგია, არჩევნებში ემიგრანტების ხმის მიცემის კონსტიტუციის დაცული უფლებაც ვერ დაიცვეს და იმალებიან… ოღონდ ვინმეს არ გაახსენდეს მათი არსებობა!
ისტორია არ დაგივიწყებთ, სულხან საბას კი მოეშვით! მისი ხსენება ვერ გიშველით და მის სახელს ჩრდილს უყენებთ!, - წერს სალომე ზურაბიშვილი.