რა ხდება ცნობილი ირანელ ქალზე, რომელიც წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა - რეჟიმი, სავარაუდოდ, მის შეურაცხადად გამოცხადებას ცდილობს - აჰო დარიაეის ისტორია
უკვე მეორე დღეა მთელი მსოფლიო ირანელ სტუდენტ გოგონაზე - აჰო დარიაეიზე საუბრობს, რომელმაც წარმოუდგენელი სიმამაცისა და გამბედაობის მაგალითი აჩვენა.
როგორც ცნობილია, აზადის ისლამური უნივერსიტეტის სტუდენტმა პროტესტის ნიშნად ნაწილობრივ გაიხადა სამოსი მას შემდეგ, რაც მას ჰიჯაბის არასწორად ტარების მიზეზით, ირანის უშიშროების თანამშრომლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
მისი დაკავება დაადასტურა აზადის უნივერსიტეტმა.
“მეცნიერებისა და კვლევის ფაკულტეტის სტუდენტი ქალის უხამსი საქციელის შემდეგ, კამპუსის დაცვამ ის სამართალდამცავებს გადასცა. სტუდენტის მოქმედების მოტივებისა და გამომწვევი მიზეზების გამოძიება მიმდინარეობს“, - წერს X-ზე უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის გენერალური დირექტორი ამირ მაჰჯუბი.
Iran International-ის ინფორმაციით, აჰო დარიაეის დაკავების დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც ახალგაზარდა დაშავდა.
“მანქანის საბურავებზე მოსწავლის სისხლის ლაქები ჩანდა“ - წერია “ამირ კაბირის“ სტუდენტური ჯგუფის საინფორმაციო ბიულეტენში. არის ვარაუდი, რომ იმ დროს, როდესაც გოგონას მანქანაში ძალით ჩასმას ცდილობდნენ, მას თავში მანქანის კარი მოხვდა, რამაც სისხლდენა გამოიწვია.
Amnesty International-ის ირანის ქვედანაყოფმა ირანის ხელისუფლებას მოუწოდა “დაუყოვნებლივ და უპირობოდ“ გაათავისუფლოს ძალის გამოყენებით დაკავებული სტუდენტი.
“ხელისუფლებამ უნდა დაიცვას იგი წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობისგან და უზრუნველყოს, რომ ჰქონდეს წვდომა ოჯახთან და ადვოკატთან“,- წერს Amnesty Iran X-ზე.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მას მერე, რაც გოგონა კამპუსს ტოვებს და ქუჩაში აგრძელებს მოძრაობას, მას ავტომობილი უახლოვდება და რამდენიმე მამაკაცი ძალის გამოყენებით ტენის მას მანქანაში.
ანონიმური წყაროების თანახმად, სტუდენტი IRGC დაზვერვის ორგანიზაციის ბრძანებით, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაცია დაადასტურა აზადის უნივერსიტეტთან დაკავშირებულმა გაზეთმა Farhikhtegan- აც.
მოგვიანებით სახელმწიფოსთან დაკავშირებულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც მამაკაცი ამტკიცებს, რომ დაკავებული ქალის ქმარია. მათ 2 შვილი ჰყავთ და რომ აჰო დარიაეის თითქოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.