მადლობა, რომ გვაკრიტიკებდით და წკეპლები შემოგვცხეთ, კოჭები გვეწვოდა ოპოზიციას - ალეკო ელისაშვილი
როგორც კი პატიოსან არჩევნებს ჩავატარებთ და კოალიციური ხელისუფლებით მოვალთ, ვერცერთი პარტია ვერ გაქაჩავს თავისკენ საბანს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მადლობა, რომ ეს დღეები გვაკრიტიკებდით და წკეპლები შემოგვცხეთ. კოჭები გვეწვოდა ოპოზიციას - აბა რა, ასე ანგარიშვალდებულები უნდა ვიყოთ, რომ ყოველთვის ფორმაში ვიყოთ. აბა სცენაზე დაგვაკვირდით - ყველას თვეობით, დაჟინებით გვყავს ერთმანეთი ნალანძღი და ახლა გვამეცადინებენ კოალიციურ მმართველობაში. როგორც კი პატიოსან არჩევნებს ჩავატარებთ და კოალიციური ხელისუფლებით მოვალთ, ვერცერთი პარტია ვერ გაქაჩავს თავისკენ საბანს. ჩვენ უკვე ნამეცადინები ვიქნებით - იმიტომ რომ აქ ვდგავართ და ვმეცადინეობთ ბრძოლაში, ერთად დგომაში და ერთობლივ-ეროვნულ წინააღმდეგობაში, რომელიც ყოველდღიური იქნება“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.