თეგებით ძიება

ვალენსიაში მომხდარმა ინციდენტმა კიდევ ერთხელ გამიმყარა აზრი, რომ არც ერთი პოლიტიკოსი არაა ბოლომდე სანდო - თეა გვასალია

ჟურნალისტი და მთარგმნელი თეა გვასალია სოციალურ ქსელში ესპანეთში მომხდარ წყალდიდობაზე და ტრაგედიის დროს პოლიტიკოსების პასუხისგებლობაზე წერს:

ვალენსიაში მომხდარმა ინციდენტმა კიდევ ერთხელ გამიმყარა აზრი, რომ ეროვნებისა და პარტიული კუთვნილების მიუხედავად, არც ერთი პოლიტიკოსი არაა ბოლომდე სანდო, ვაჟკაცი და ხალხზე მზრუნველი. ვინც არ იცით რა ამბავი დატრიალდა ვალენსიის გარშემო მდებარე სოფლებში, მოკლედ გეტყვით, რომ საშინელი წარღვნა მოვიდა, ღვარცოფმა წალეკა სახლები, გაიტაცა მანქანები (ზოგიერთი მათგანი მგზავრებით), აავსო სარდაფები და მიწისქვეშა სადგომები, სადაც უამრავი გვამია დარჩენილი, რადგან მაშველებიც კი ვერ შედიან. დაღუპულია ორასზე მეტი ადამიანი, მაგრამ ეს რიცხვი საკმაოდ მოიმატებს, რადგან ჯერ დაკარგულთა მხოლოდ მცირე ნაწილის ცხედრებია აღმოჩენილი.

ამ ტრაგედიის ძირითადი მიზეზი, ცხადია, სტიქია იყო (ამ შემთხვევაში „DANA“), მაგრამ ადგილობრივმა მთავრობამ დროზე არ გამოაცხადა განგაშის „წითელი“, ანუ უმაღლესი დონე, (alerta roja), ხოლო უკვე მომხდარზე, არ სთხოვა ცენტრალურ ხელისუფლებას დახმარება და საკუთარი ძალებით შეეცადა სამაშველო სამუშაოების ჩატარებას. 

და ეს ყველაფერი იმის გამო, რომ ვალენსიას “სახალხო პარტია” განაგებს, რომლის ადგილობრივმა ლიდერმაც არ იკადრა სოციალისტ პედრო სანჩესისთვის ეთხოვა დახმარება. ისიც, სანჩესიც, ვირზე შეჯდა და იმის ნაცვლად, რომ საგანგებო ვითარება გამოეცხადებინა და ჯარი, პოლიცია და სხვა სპეცსამსახურები დაერაზმა, მხოლოდ გუშინ ჩავიდა გაპარტახებულ სოფლებში მეფის - ფელიპე მეექვსისა და მისი ცოლის, ლეტისიას თანხლებით. 

ჰოდა, ,გამწარებულმა ხალხმა, ეს სამივე ალყაში რომ მოაქცია და სულ asesinos, ანუ მკვლელები, უძახა და ტალახი დაუშინა, იქ გამოჩნდა მათი ნამდვილი სახე. სანჩესი სამარცხვინოდ გაიძურწა, უფრო სწორად, დაცვა დაეხმარა გავეშებული ბრბოსგან თავის დაღწევაში, ფელიპეს, ეტყობა ბურბონების სისხლმა უყივლა, თან ცხოვრებაში პირველად მიეცა სიმამაცის გამოვლენის საშუალება, დაცვა მოიშორა და ასე ტალახიანი შეერია ხალხს, ეცადა სათითაოდ დალაპარაკებოდა გამწარებულ ადგილობრივებს, რომლებიც პასუხს სთხოვდნენ არგაწეული დახმარებისა და არგამოცხადებული განგაშის გამო. ქმარს არც ლეტისია ჩამორჩა, მაგრამ მისგან არ მიკვირს, ყოფილ ჟურნალისტს და ახალი ამბების წამყვანს, გაავებული ადამიანების მეტი რა უნახავს და ისიც ნასროლი ტალახით დასვრილი ხელებით ეხუტებოდა მოთქმით მოტირალ ქალებს და გულში არ ვიცი, რას ფიქრობდა, მაგრამ სახეზე თანაგრძნობა და ემპათია ეხატა.

პედრო სანჩესი კი დამთავრდა და დასამარდა ჩემსა და ესპანელების თვალში, მაგრამ, არც მეორე მხარე რომ არ უქნია ღმერთს და ამ 50 მილიონიან ესპანეთში, კაცი რომ არ მეგულება,  ქვეყნის ლიდერად ვარგოდეს, იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო პოლიტიკა ძალიან ცუდი ადგილისკენ მიექანება და ევროპის დიადი წარსულის მქონე ქვეყნების თანამედროვე ლიდერები, კაბინეტებიდან და კომფორტის ზონიდან რომ გამოიყვანო და რეალური საფრთხის წინაშე დააყენო, ვიღას ეხსომება დიდი ზარ-ზეიმითა და კონსტიტუციაზე დაფიცებებით ჩაბარებული ხალხი და სამშობლო, პიპინია მონაგონი იქნება, ისე გაასწრებენ საკუთარ ცხენებს პორტ არტურიდან. 

P.s. ერთი კატეგორიის მკითხველები რომ არიან, სტრიქონებს შორის არარსებულ ქარაგმებს რომ ეძებენ, მხოლოდ მათ გასაგონად ვწერ. იმედია,  პოლიტიკოსებზე, როგორც კასტაზე განაწყენებულ ამ პოსტს ანტიევროპულ მოწოდებად არ ჩამითვლით, რადგან არც არაევროპელ პოლიტიკოსებზე ვარ უკეთესი აზრის - წერს თეა გვასალია.

ცნობისთვის,  ესპანეთის სამ რეგიონში წყალდიდობას 217 ადამიანი ემსხვერპლა. სამაშველო ოპერაცია გრძელდება, მაშველები დატბორილ შენობებში და ავტომობილებში გარდაცვლილი მოქალაქეების ცხედრებს პოულობენ. დაკარგულად ითვლება ასობით მოქალაქე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა