ცესკო თეთრიწყაროსა და გორის სასამართლოების გადაწყვეტილებებს სააპელაციოში ასაჩივრებს
საარჩევნო ადმინისტრაცია თეთრიწყაროსა და გორის რაიონული სასამართლოების გადაწყვეტილებებს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.
აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ გააუქმა №25 წალკის საარჩევნო ოლქში შემავალი 18 საარჩევნო უბნის და №26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში შემავალი 13 საარჩევნო უბნის შედეგი.
"საარჩევნო ადმინისტრაცია დაუსაბუთებლად მიიჩნევს და არ იზიარებს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების ზემოაღნიშნული საარჩევნო უბნების შედეგების გაუქმების შესახებ. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება აშკარად წინააღმდეგობაში მოდის ანალოგიურ საკითხთან დაკავშირებით პირველი ინსტანციების სასამართლოებში წარმოებულ ყველა სხვა დავასთან.
შესაბამისად, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ 4 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნება სააპელაციო სასამართლოში. საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი იქნება სააპელაციო საჩივრები.
ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ სააპელაციო სასამართლოში უკვე გასაჩივრებულია გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც №32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიას ამავე ოლქში შემავალი 15 საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლა დაევალა.
შევახსენებთ საზოგადოებას, რომ ხმის ფარულობას უზრუნველყოფს სპეციალური ჩარჩო ფორმა, ინსტრუქციის შესაბამისად რომლის გამოყენებაც გამორიცხავს ამომრჩევლის ნების იდენტიფიცირებას. ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის კვალი, არსებობის შემთხვევაში, ჩარჩო ფორმის დანიშნულების გათვალისწინებით, ვერ ჩაითვლება ნების იდენტიფიცირებად. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე კენჭისყრის და მომდევნო დღეს, ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 7 საჩივარი იქნა წარმოდგენილი და არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში არ არის საუბარი დადასტურებულად არჩევანის ფარულობის დარღვევაზე", - აცხადებს ცესკო.
შეგახსენებთ, გუშინ, 4 ნოემბერს, თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი დააკმაყოფილა. სასამართლოს მიერ შემთხვევითი შერჩევით შემოწმდა წალკისა და თეთრიწყაროს ოლქში რამდენიმე უბნის ბიულეტენი, სადაც დადასტურდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალი ხილვადია, რაც არღვევს ხმის ფარულობის უფლებას. მოსამართლემ, რომელიც თავად ჩაატარა შემოწმების პროცესი, დააფიქსირა ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენის მოთავსებისას ფარულობის დარღვევის აშკარა ფაქტი.
გორის სასამართლომ კი, 15 უბანზე ბათილი ბიულეტენების გადათვლის შესახებ სამართლიანი "არჩევნების სარჩელი" დააკმაყოფილა. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გერგაულმა მიიღო.