ავლაბარში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ძმებს 17-17 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ძალადობის და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა და ტარების ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
საუბარია თბილისში, თებერვალში მომხდარ დანაშაულზე, რა დროსაც 47 წლის ფელიქს კაპანოვი მოკლეს. პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული ძმები დააკავა.
"თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ძალადობის და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა და ტარების ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 11 თებერვალს, თბილისში, ბრალდებულებმა წარსულში არსებული უთანხმოების გამო, ჯგუფურად, სხვადასხვა საგნების გამოყენებით სცემეს დაზარალებულს. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულებმა, რომლებიც ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, დაზარალებული სომხეთის ქუჩაზე დაინახეს, რა დროსაც ერთ-ერთმა ავტომანქანის სიჩქარე შეამცირა, ხოლო მეორემ დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმავე დღეს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად) 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა, ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა," - წერს პროკურატურა.