რობერტ ფიცომ ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა.
„შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას და გამოითქვა მზადყოფნა პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სლოვაკ კოლეგას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროპული ინტეგრაცია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ პროცესში პარტნიორების მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სექტორულ თანამშრომლობაზე, სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით არსებულ პოტენციალსა და ტურიზმის ხელშეწყობაზე. პრემიერ-მინისტრმა სლოვაკი კოლეგა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია“, – ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.