თეგებით ძიება

100 ათასი კაცი თუ გამოვა ქუჩაში, ხელისუფლება სხდომას ვერ ჩაატარებს - რომან გოცირიძე

პარლამენტის სხდომის პირველი დღე არის ყველაზე მნიშვნელოვანი - მაგრამ 100 ათასი კაცი თუ გამოვა ქუჩაში, ხელისუფლება სხდომას ვერ ჩაატარებს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა დაინახოს ქუჩაში გამოსული ხალხი „როგორ აპროტესტებს არჩევნების გაყალბებას, ამის შემდეგ გადაწყვეტილების მიღება ძალიან მარტივი იქნება“.

„საბოლოო ჯამში, თუკი მოხდა ამ ხელისუფლების არალეგიტიმურად გამოცხადება აქ, საქართველოში, არალეგიტიმური გახდება უცხოეთშიც. ლეგიტიმაციას წყვეტს ხალხი. „ვარდების რევოლუციის“ დროს, ედუარდ შევარდნაძეს 5 წუთი ნაკლები რომ ელაპარაკა, მორჩენილი იყო, მერე გინდ შევარდი პარლამენტში და გინდ გამოვარდი. მე არ ვამბობ, რომ პარლამენტში უნდა შევვარდეთ, მაგრამ 100 ათასი კაცი თუ გამოვა ქუჩაში, ხელისუფლება სხდომას ვერ ჩაატარებს. 100 ათას კაცს ოპოზიცია ვერ გამოიყვანს, მაგრამ 100 ათას კაცი ოპოზიციის მხარდამჭერი და ორგანიზებით შეიძლება მოვიდეს.

მსოფლიოში განსხვავებული გეგმა არავის მოუგონია, გარდა იმისა, როდესაც ქუჩაში გამოდიხარ. ქუჩამ უნდა აჩვენოს გულწრფელი პოზიცია. სიმრავლით უნდა დაარწმუნო ხელისუფლება, რომ დათმობებზე წავიდეს. ეს დათმობებია: არჩევნებთან დაკავშირებით დაიწყოს საერთაშორისო გამოძიება.

თუ პარლამენტის სხდომის დროს ქუჩაში 100 ათასი თუ არა 60 ათასი ადამიანი გამოვა, დაარტყამს მშვიდობიან ალყას, არსად არავინ შეიჭრება, იქნება პიკეტი, აქ იქნება მთელი მსოფლიოს მედია. ევროკავშირმა უნდა დაინახოს ქუჩაში გამოსული ხალხი როგორ აპროტესტებს არჩევნების გაყალბებას, ამის შემდეგ გადაწყვეტილების მიღება ძალიან მარტივი იქნება. არავითარი დიდი გეგმა არ არის საჭირო“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

კითხვაზე, ოპოზიციას აქვს 100 ათასი კაცის ქუჩაში გამოყვანის რესურსი, გოცირიძე პასუხობს, რომ მხოლოდ ოპოზიციის მოქმედება არ არის საკმარისი, ამიტომ საზოგადოებამაც უნდა აჩვენოს მზადყოფნა.

„რა რესურსი ჰქონდა ოპოზიციას, როდესაც „რუსული კანონის“ დროს 100 ათასი ადამიანი გამოვიდა, ოპოზიციის რესურსით იყო? ამიტომ საზოგადოების მზადყოფნაც უნდა იყოს. მხოლოდ ოპოზიციის მოქმედება არ არის საკმარისი თუ ამომრჩეველმა არ მოინდომა. ეს გამოჩნდება. პარლამენტის სხდომის პირველი დღე არის ყველაზე მნიშვნელოვანი. დანარჩენი, რაც ქუჩაში ახლა ხდება, პატარა აქციები, ესეც საჭიროა.

რა თქმა უნდა, ოპოზიციის როლი უდიდესია, რადგან ოპოზიციამ უნდა დააორგანიზოს ყველაფერი, თუნდაც ტრანსპორტი და სხვა საშუალებები, რომ თბილისში ჩამოსვლის სურვილის მქონე ადამიანები რაღაცით იყვნენ უზრუნველყოფილები“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა