ევროპულ „ლიდერშიფში“ განიხილება შესაძლებლობა, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერებაზე - თინა ბოკუჩავა
„სამწუხაროა, როდესაც ხელისუფლება, რომელიც უნდა წარმოადგენდეს პროევროპულ ხალხს, ნაცვლად მათი ინტერესების ასახვისა, ქართველ ხალხს ჰპარავს ევროპულ მომავალს და შესაბამისად, ევროპელ ლიდერებს აყენებს იმ გამოუვალ მდგომარეობაში, რომ მათ უწევთ უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერების მექანიზმის ამოქმედების განხილვა“, – ამის შესახებ ენმ-ის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
დღევანდელი განხილვის ერთადერთი მნიშვნელოვანი საგანი იყო სწორედ საერთაშორისო საგამოძიებო ინსტრუმენტი, რომელიც შეისწავლის იმ გაყალბების მასშტაბს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 26 ოქტომბრის არჩევნებზე.
იმაზე, რომ ეს არჩევნები არ ასახავს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას, არსებობს სრული საერთაშორისო კონსენსუსი და ჩვენ ეს მოვისმინეთ, მათ შორის, დღევანდელ შეხვედრაზე, თუმცა, ბუნებრივია, ასევე, მნიშვნელოვანია კონკრეტული მასშტაბის შესწავლა, რისთვისაც მიზანშეწონილად მიაჩნიათ, მათ შორის, ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს ამგვარი საერთაშორისო საგამოძიებო ინსტრუმენტის შექმნა.
გასაგებია, რომ „ქართული ოცნება“ სხვადასხვა მიზეზს მოიგონებს იმისთვის, რომ არ დაუშვას საგამოძიებო ინსტრუმენტის ამოქმედება საქართველოში, რადგან მას ძალიან ბევრი დანაშაულებრივი ქმედება აქვს დასამალი, რამაც ერთობლიობაში მიიტაცა ქართველი ხალხის თავისუფალი ევროპული არჩევანი 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე.
სხვა საკითხები, რომლებიც, ასევე, განიხილებოდა, იყო ის შესაძლებლობა, რომ ევროპელმა ლიდერებმა მიიღონ გადაწყვეტილება უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერებაზე და ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ აქ საუბარია დროებით შეჩერებაზე და არა გაუქმებაზე, იმ დრომდე, სანამ საქართველოს კვლავ არ ეყოლება ხელისუფლება, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის ნებას და ასახავს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს.
ეს გადაწყვეტილებაც, როგორც დაგვიდასტურეს სტუმრებმა და განაცხადეს საჯაროდ პრესკონფერენციის დროს, განიხილება ევროპულ „ლიდერშიფში“.
მე სწორად მიმაჩნია, რომ ქართველმა ხალხმა დაიბრუნოს ძალაუფლება, დაიბრუნოს ევროპული მომავალი და არა მხოლოდ უვიზო მიმოსვლას აღარ დაუდგეს საფრთხე ჩვენს ქვეყანაში, არამედ საქართველომ გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.