კოდორის ხიდიდან ფიზიკური დაპირისპირების კადრები ვრცელდება (ვიდეო)
ტელეგრამ არხ RESPUBLICA -ს ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში კოდორის ხიდზე ოპოზიციის მხარდამჭერებსა და „ძალოვანი სტრუქტურების“ წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა. ვრცელდება ვიდეოკადრებიც.
ოკუპირებულ რეგიონში ამ დრომდე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. რაც მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ოპოზიციის მხარდამჭერებმა სოხუმის შესასვლელების პიკეტირება დაიწყეს. სახალხო მღელვარების მიზეზი კი ოპოზიციური ლიდერების დაკავება გახდა. ცნობილია, რომ ოპოზიციონერები აფხაზეთის მიწების რუსეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვას აპროტესტებდნენ. არსებული ცნობებით, გუდაუთაში „საჯარო შეხვედრიდან“ დაბრუნებული ოპოზიციონერები ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაიყვანეს.
ბჟანიამ "უშიშროების საბჭოს" საგანგებო სხდომაც მოიწვია.
12 ნოემბერს გვიან ღამით ოპოზიციის მხარდამჭერებმა გუმისთას და კოდორის ხიდები გადაკეტეს. ერთ-ერთი ტელეგრამ არხის ცნობით, ამ დროისათვის კოდორის ხიდი გახსნილია. წინასწარი ინფორმაციით, აქციის მონაწილეებთან ე.წ. დეპუტატი ბესლან ემურხბა და ოჩამჩირის რაიონის "გამგებელი" ბესლან ბიგვავა მივიდნენ და ახლობლებს დაპირდნენ, რომ უახლოეს მომავალში დაკავებულებს გაათავისუფლებდნენ, რადგან არ არსებობს მათი პატიმრობაში დატოვების არანაირი მტკიცებულება. მათ ამ დაპირებაზე პასუხისმგებლობა აიღეს და სანაცვლოდ , აქციის მონაწილეებს გზის გახსნა სთხოვეს.