ვილი სანიოლთან ახალი კონტრაქტი გაფორმდა
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა, – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
ახალი კონტრაქტის თანახმად, ფრანგი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებში 2028 წლის ჩათვლით იმუშავებს.
„ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებს 2021 წლის თებერვალში ჩაუდგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 42 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 20 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 16-ჯერ დამარცხდა.
ვილი სანიოლს უკავშირდება საქართველოს ნაკრების ყველაზე წარმატებული პერიოდი. მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და ევრო 2024-ის საუკეთესო 16 გუნდს შორის მოხვდა. უეფას ერთა ლიგის C ლიგაში გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრები ამ დროისთვის B ლიგაში ასპარეზობს.
2025 წლიდან ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით ჩვენი გუნდი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. ჯგუფური ეტაპის წილისყრა 13 დეკემბერს გაიმართება“, – წერია სფფ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.