თუ ტრამპი უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს, უკრაინაში ჯარის გაგზავნა მოგვიწევს - ჯონსონი
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი თვლის, რომ ბრიტანეთის ჯარები შეიძლება უკრაინაში გაგზავნონ, თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კიევისთვის სამხედრო დახმარებას შეამცირებს.
ამის შესახებ ჯონსონმა GB News-ს ინტერვიუში განუცხადა.
"ნება მომეცით, ფინანსური არგუმენტით განვმარტო, თუ რატომ არის უკრაინაში დემოკრატიის დაცვა რეალურად გონივრული ინვესტიცია" - ამბობს ყოფილი პრემიერი GB News-ს ინტერვიუში. მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერაზე უარის თქმა მომავალში დიდ ფინანსურ ხარჯებს მოუტანს ბრიტანეთს.
მისი აზრით, ასეთი სცენარი ბრიტანეთს უკრაინაში ჯარების გაგზავნას აიძულებს. "მაშინ ჩვენ მოგვიწევს გადასახადის გადახდა, რათა გავგზავნოთ ბრიტანეთის ჯარები უკრაინის დასაცავად". - ამბობს ჯონსონი.
"ამას ვეუბნები იმ ადამიანებს, რომლებიც გვიყურებენ და კითხვებს სვამენ, თუ რატომ ვუჭერთ მხარს უკრაინელებს? იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის აღორძინების გამო, დაქვეითდება ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოება, რაც ევროპის ყველა ნაწილისთვის საფრთხეს წარმოადგენს" - აღნიშნა ჯონსონმა.