რა გადაწყვეტილებებს მიიღებს საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირი დამოკიდებულია იმაზე, რა იქნება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოზიცია - გია ხუხაშვილი
პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის განცხადებით, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირი იმაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პოზიცია.
სწორედ ამიტომ, ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ევროკავშირის მხრიდან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დროში გაიწელება.
გარდა ამისა, როგორც ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მნიშვნელოვანია ისიც, როგორ წარიმართება საქართველოს შიგნით მოვლენები და იქნება თუ არა პროცესი დინამიკური.
„ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს ამ ყველაფერზე [ევროკავშირის გადაწყვეტილებებზე]. ევროპაში ზოგადი განწყობა ხელისუფლების მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, კრიტიკულია, როგორც ევროპარლამენტში, ასევე აღმასრულებელ ნაწილში, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. გასაგებია, რომ ევროპარლამენტი არის ტრიბუნა, რომ განწყობების ტრანსლირება მოხდეს, მაგრამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, საბოლოოდ, ევროკავშირის აღმასრულებელი რგოლი იღებს. ვფიქრობ, რომ რა მიმართულებითაც არ უნდა წავიდეს პროცესები, ეს ყველაფერი დროში გაიწელება. მნიშვნელოვანია, შეერთებული შტატების პოზიცია ევროპისთვის. ძირითადად, ასეთ გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ამა თუ იმ ქვეყნის მიმართ, ევროკავშირი და შეერთებული შტატები სინქრონულად იღებენ. შეერთებულ შტატებში გარდამავალი ადმინისტრაციაა და ტრამპი რას იზამს, არავინ იცის. მგონი, თვითონაც არ იცის. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი დროში გაიწელება. ამ დროის განმავლობაში, მნიშვნელოვანია, რომ შიდა პროცესი დინამიკური იყოს.
ასევე, გადაწყვეტილების მიღებისთვის - ან აქეთ, ან იქით, უყურებენ იმას, როგორ ვითარდება შიგნით მოვლენები, რამდენად ძლიერია პროცესი, რამდენად ეგუება საზოგადოება ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებას და ა.შ. საბოლოო გადაწყვეტილებამდე მისვლა, ალბათ ახალი წლის შემდეგ იქნება. უფრო იმ დროისთვის ველოდები საბოლოო გარკვევას, ნისლის მოშორებას, საით მიდის პროცესი. შესაბამისად, დღეს რაიმეს პროგნოზირება, იმდენი ფაქტორი მოქმედებს, ძალიან რთულია“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
რაც შეეხება ქვეყნის შიგნით არსებული პროცესების შესაძლო განვითარებას, პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ საზოგადოება გახლეჩილია და პროცესის ბოლომდე მისაყვანად სინერგიაა საჭირო.
„კრიზისი პიკები იქნება პარლამენტის სესიის დანიშვნის დღეს; სესიის ჩატარების დღეს. ამ პიკებზე რა და როგორ მოხდება, რამდენად მზადაა საზოგადოება სერიოზული მასშტაბური პროტესტისთვის, ეს ყველაფერი უნდა ვნახოთ. სირთულე ისაა, რომ ქუჩის პროტესტის მართვას შესაბამისი ლიდერები სჭირდება, სპეციფიკური საქმეა. ამ ტიპის ქუჩის ლიდერები ჩვენს პარტიებს, რომელთაც პროცესი მიჰყავთ, ნაკლებად ჰყავთ. მათ ცნობიერებაშიც გარკვეული რევოლუციური პროცესი მიდის და რამდენად მოახერხებენ ახლა ისინი ასეთად ჩამოყალიბებას, ესეც მნიშვნელოვანია. დრო ძალიან შეზღუდულია. არ ვიცი, ახლა როგორ და რა მუხტი გროვდება. უნდა მივყვეთ მოვლენებს.
სამწუხაროა, რაც ქვეყანაში ხდება. საზოგადოება გახლეჩილია. იმისთვის, რომ ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს ყველაფერი, ორი ძირითადი ფაქტორის სინერგიაა საჭირო: შიდა დინამიკური პროცესი და მეორე მხრივ, დასავლეთიდან არა მხოლოდ კრიტიკა, არამედ კონკრეტულ ქმედებებზე გადასვლა. ანუ, დასავლეთმა ცალსახად უნდა თქვას, რომ არჩევნები გაყალბებული იყო და რომ დარღვევები ატარებდა ისეთ ხასიათს, რამაც არსებითად შეცვალა არჩევნების შედეგები. ამას უნდა მოაყოლოს კონკრეტული ქმედებები, რაც დაანონსებული იყო, სასანქციო პოლიტიკის მიმართულებით როგორც ევროპის, ისე შეერთებული შტატების მხრიდან. ამან და ქუჩის პროტესტმა შეიძლება სინერგია შექმნას. ამასობაში ხელისუფლება ეცდება, ვიღაც მოისყიდოს, ვიღაც დააშანტაჟოს. რამენაირად შეიტყუოს პარლამენტში. ეს არის გარკვეულწილად თამაში, რომელშიც მხარეები შეეცდებიან, თავის მიზანს მიაღწიონ. საბოლოოდ, ეს პარტია [თამაშის] რით დასრულდება, არ ვიცი“,- განაცხადა ხუხაშვილმა.