აფხაზი დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილმა აფხაზეთში ბიზნესი წამოიწყოს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახალხო კრების დეპუტატი, ახრა ფაჩულია ვარაუდობს, რომ “ქართველ ოლიგარქებს შეეძლებათ აფხაზეთში აპარტამენტების აშენება და ბიზნესის წამოწყება, თუ საინვესტიციო საქმიანობის შესახებ შეთანხმებას მიიღებენ.”
კითხვაზე - შეძლებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი, როგორც “რუსეთის მოქალაქე”, საინვესტიციო საქმიანობების წამოწყებას დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე, აფხაზმა დეპუტატმა უპასუხა, რომ “ფაქტობრივად, დიახ”.
რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ 15 ნოემბერს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა მოახდენდა „საინვესტიციო შეთანხმების” რატიფიცირებას. “საინვესტიციო შეთანხმება” აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა რუსეთთან 30 ოქტომბერს გააფორმა.
„შეთანხმება“ რუსულ კომპანიებს საშუალებას აძლევს, განახორციელონ საინვესტიციო პროექტები ოკუპირებულ აფხაზეთში. “შეთანხმებას“ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტის მიერ რატიფიცირება სჭირდება.