ჩვენ არ მივცემთ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას.. პარლამენტში შესვლა იქნება პოლიტიკური თვითმკვლელობა - ზვიად ძიძიგური
საჯაროდ რასაც ვაცხადებთ, არის ის, რომ ჩვენ არ მივცემთ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა პალიტრანიუსის გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა.
“წინ არის ძალიან დიდხნიანი პროცედურები და პროცესები. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ერთ ან ორ კვირაში დამთავრდება რაღაცა ტიპის წინააღმდეგობები, რაც არის არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ძალიან ცდება. ეს ხანგრძლივი პროცესია. ამ პროცესში რას დავგეგმავთ, რა სცენარები იქნება, როგორ განვითარდება, არ ვიცით.
ერთი რამ, რაც მომწონს ახალ პარტიაში, სადაც ახლა ვარ, ყველა დეტალზე, ყველა, ერთი შეხედვით, მეორეხარისხოვან პოლიტიკურ საქმეზე არის ძალიან ხანგრძლივი მსჯელობა და განხილვა, რომ მაჯაზე ხელი გედოს მუდმივად. განვიხილავთ სხვადასხვა სცენარს და არ მინდა ამაზე საჯაროდ საუბარი. საჯაროდ რასაც ვაცხადებთ, არის ის, რომ ჩვენ არ მივცემთ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას. ამას ამბობს გიორგი გახარია, რომელიც იყო პრემიერ-მინისტრი და ამ თანამდებობიდან თავისი ნებით გადადგა, ამას გეუბნებით მე, რომელიც ვიყავი პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ჩემი ნებით გადავდექი თანამდებობიდან. გახარიას პარტიაში ვინც არის, ყველა თანამდებობის პირი იყო და ყველა წავიდა თანამდებობიდან და არც არის იმაზე საუბარი, რომ პარლამენტში შევალთ, ეს იქნება პოლიტიკური თვითმკვლელობა.
ძალიან ბევრი მიმართულებით არის წინააღმდეგობა გასაწევი, მათ შორის, სამართლებრივი თვალსაზრისით, მათ შორის, საერთაშორისო თვალსაზრისით, არის კიდევ უამრავი თემა, რომელზეც მუშაობს ჩვენი პარტია. რეგიონებში არის კიდევ მობილიზაცია იმისთვის, რომ ეს რესურსიც გამოვიყენოთ შემდგომში, როდესაც საჭირო იქნება. ქუჩის აქციებში არ ვართ ჩვენ ორგანიზატორები და წამყვანი როლი არ გვიკავია, თუმცა იქაც ვიღებთ მონაწილეობას, უბრალოდ, ჩვენი შეხედულებითა და ჩვენი გეგმებით, არ ვიზილებით სხვა პარტიებში”, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.