რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა 7 დეკემბრამდე არ იმუშავებს
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 18 ნოემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით მგზავრებს ვერ მოემსახურება.
როგორც სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნულ პერიოდში საბაგირო გზაზე განხორციელდება გეგმური ინსპექტირება და ტექნიკური მომსახურება.
„გორგოლაჭების სექციას ჩაუტარდება რევიზია და კაპიტალური შეკეთება, გამოიცვლება გორგოლაჭების ღერძები და საკისრები, დემონტაჟი და შემდეგ მონტაჟი ჩაუტარდება ამძრავ სადგურში მზიდი/საწევი ბაგირის დამჭიმი ჭაღის ჰიდრავლიკურ ცილინდრს, მოხდება ჰიდრავლიკური და სამუხრუჭე სისტემების რევიზია, მაღალი წნევის მილების გამოცვლა და ფარეხში გონდოლების სრული რევიზია; უსაფრთხოების მიზნით, ზედა სადგურში არსებული დამცავი ბადე შეიცვლება ახლით, ვიბრაციაზე შემოწმდება სადგურები და ანძები, გამოიცდება საბაგირო გზაზე არსებული უსაფრთხოების სისტემები. სამუშაოებს, ხელშეკრულების პირობების თანახმად, იტალიური მწარმოებელი კომპანიის, „ლაიტნერის“ სპეციალისტები ჩაატარებენ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.