თეგებით ძიება

ენგურის მეორე ნაპირიდან არც ერთი პოლიტიკოსის სოლიდარობა არ გვჭირდება - არძინბა ზურაბიშვილს

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აფხაზთა სახალხო მოძრაობის“ თავმჯდომარემ და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ადგურ არძინბამ კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომელშიც მან კატეგორიულად დაგმო ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიისკენ რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები და სოლიდარიბა გამოუცხადა აფხაზეთის მცხოვრებლებს.

"მინდა შევახსენო საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ჩვეულებისამებრ თავის მსჯელობებსა და შეფასებებში ხელმძღვანელობს ეროვნული მითოლოგიით და არა რეალობითა და საღი აზრით, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა არის თავისუფალი ქვეყანა, რომელიც დამოუკიდებლად განსაზღვრავს თავის ბედს, მიმართულებებს. განვითარებისა და ეროვნული ინტერესების".

არძინბას თქმით, გაურკვეველია ვის მიმართ გამოხატავს სოლიდარობას ზურაბიშვილი, რომელსაც "აფხაზეთის აწმყოსა და მომავალზე, ზოგადად ცხოვრებაზე, პოლიტიკასა და მორალზე განსხვავებული შეხედულებები აქვს".

დე ფაქტო ოპოზიციის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ მათი ქმედებები არ არის ანტირუსული და "მოკავშირეობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის, ძმური ურთიერთობისა და ურთიერთმხარდაჭერის კურსი უცვლელი რჩება".

"აფხაზეთის ოპოზიცია შიდაპოლიტიკურ ბრძოლაშია ჩართული, რომელიც აფხაზეთის მრავალეროვანი ხალხის ინტერესებს გამოხატავს. აი ვის ინტერესებს ატარებს სალომე ზურაბიშვილი ჩვენთვის უცნობია და სიმართლე რომ ვთქვა, დიდად არც გვაინტერესებს.

წინ ბევრი საქმე გვაქვს და ენგურის მეორე ნაპირიდან არც ერთი პოლიტიკოსის სოლიდარობა არ გვჭირდება". – წერს არძინბა.

შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოხუმში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

"მინდა დავგმო, რომ დღეს რუსეთი დგამს აჩქარებულ ნაბიჯებს ანექსიის მიმართულებით, როდესაც ითხოვს საქართველოსგან, დათანხმდეს დელიმიტაციას, რაც არის წარმოუდგენელი და რაც პრინციპში უგულებელყოფს საქართველოს მთავრობის მთელ ლოგიკას, რომ ვითომც და დათმობებით შეიძლება შეაცვლევინო რუსეთს პოლიტიკა. შეაცვლევინო კი არა, ააჩქარებ ამით და ეს ჩანს ყოველდღიურად. ოკუპირებულ აფხაზეთში მცდელობაა, გატარდეს რუსული კანონი და რასაც სამოქალაქო საზოგადოება წინ აღუდგა და მინდა მათ სოლიდარობა გამოვუხატო". – თქვა ზურაბიშვილმა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა