ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ასლან ბჟანია გადააყენა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომას მხარი დაუჭირა. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 31 -მა "დეპუტატმა", 2 ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი. ასლან ბჟანიას გადადგომას მხარი 28-მა "დეპუტატმა" დაუჭირა, 1 კი წინააღმდეგი წავიდა.
"პრეზიდენტის" მოვალეობას "ვიცე პრეზიდენტი" ბადრა გუნბა შეასრულებს. "პრემიერმინისტრის" პოსტზე "პარლამენტის" ყოფილი სპიკერი ვალერი ბგანბა დაინიშნა.
ბჟანიას გადადგომა ოპოზიციისა და ადგილობრივი მოსახლეობის მასშტაბურ პროტესტს მოჰყვა. 15 ნოემბერს სოხუმში, რუსულ-აფხაზურ „საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირება“ იგეგმებოდა, თუმცა "სესია" ვერ შედგა. ე.წ პარლამენტის წევრებმა დღის წესრიგი არ დაამტკიცეს. პარალელურად კი შენობის გარეთ აქცია გაიმართა, სადაც "კანონპროექტის" გაუქმებას ითხოვდნენ.
ადგილზე ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო. მომიტინგეებმა რკინის ღობის დაზიანება და ე.წ პარლამენტის ეზოში შეჭრა შეძლეს.