19:00 საათზე ხალხის მაქსიმალური კონცენტრაცია გვინდა, მაქსიმალურად ყველა მოვიდეთ და აქ დავდგეთ - ელენე ხოშტარია
„აქ ვართ, აქედან ფეხს არ მოვიცვლით, 19:00 საათზე გვინდა ხალხის მაქსიმალური კონცენტრაცია, მოწოდებაც არ უნდა – აქ უამრავი ადამიანია, მაგრამ ვთქვათ, რომ 19:00 საათზე ყველა ერთად ვიკრიბებით და ამ დროს საზოგადოებას დღის კონკრეტულ სცენარს გავაცნობთ“, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ მელიქიშვილის გამზირზე მყოფ ჟურნალისტებს განუცხადა.
ელენე ხოშტარიას თქმით, ის, თუ სად და როგორ გაგრძელდება პროტესტი“, ეს „ქართული ოცნებისთვის“ კვლავ სიურპრიზი იქნება.
„მთელი დღის განმავლობაში, 11:00 საათიდან უწყვეტი ნაკადია, მოდიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ პროტესტი როგორც პოლიციის აბსოლუტურად უღირს საქციელზე, ასევე ესმით, თუ რამხელა ბრძოლა და წინააღმდეგობა სჭირდება ჩვენი ევროპული დღის წესრიგის დაბრუნებას.
აბსოლუტურად ყველა შეთანხმებულები ვართ, რომ წინააღმდეგობა გრძელდება. ამ წინააღმდეგობის ფორმებს ჩვენ განვსაზღვრავთ. პროტესტი არ გაჩერდება, ფეხს არ მოვიცვლით – სად, როგორ და რა ადგილას იქნება პროტესტი, „ქართული ოცნებისთვის“ ეს კვლავ სიურპრიზი იქნება. 19:00 საათზე მაქსიმალურად ყველა მოვიდეთ და დავდგეთ აქ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.