სწორ დღეებში ძალიან ბევრი უნდა ვიყოთ - რეჟიმს წინააღმდეგობა ხალხმა უნდა გაუწიოს - ნიკა მელია
კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისკენ და დაუღალავად ბრძოლისკენ მოუწოდებს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ხელისუფლება, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი უკან იმ შემთხვევაში დაიხევს, თუ ქართველი ხალხი "ქართული ოცნების" პოლიტიკის წინააღმდეგ ქმედით ნაბიჯებს გადადგამს.
ხალხი გადაწყვეტს ყველაფერს. ჩვენ სწორ დღეებში, სწორ პერიოდში უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი და ასეთ შემთხვევაში, ნებისმიერი ხელისუფლება იძულებული გახდება, უკან დაიხიოს. როგორც მისმა სპეცრაზმელმა დაიხია უკან და ვეღარ გადმოვიდა შეტევაზე გუშინ, ასე დაიხევს ივანიშვილი უკან. ის, რომ ხალხის რაოდენობა არის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი ამ ტიპის რეჟიმებთან ბრძოლაში, ეს გამოჩნდა გუშინაც და გუშინწინაც. საბოლოო ჯამში, ხალხმა უნდა აიღოს ძალაუფლება ხელში და ხალხმა უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა რეჟიმს", - ამბობს ნიკა მელია.