კედელზე მიკრული ბანანი 6,2 მილიონ დოლარად გაიყიდა
სოთბის“ აუქციონზე 6,2 მილიონ დოლარად გაიყიდა არტისტ მაურიციო კატელანის ინსტალაცია „კომედიანტი“ - ბანანი, რომელიც კედელზე წებოვანი ლენტით არის მიკრული.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში X აქვეყნებს მისი ახალი მფლობელი ჯასტინ სანი, რომელიც კრიპტოვალუტის სფეროში მოღვაწეობს.
„მიხარია გაცნობოთ, რომ მე ვიყიდე ბანანი. ეს არ არის მხოლოდ ხელოვნების ნიმუში. ეს კულტურული ფენომენია, რომელიც აერთიანებს ხელოვნების სამყაროს, მემებისა და კრიპტოვალუტის საზოგადოებებს. ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ამ ბანანის ამაყი მფლობელი. უახლოეს დღეებში მე ვაპირებ შევჭამო ბანანი“, - დაწერა სანმა.
კედელზე მიკრული ბანანი ერთ-ერთ ყველაზე განხილვად ნამუშევრად იქცა. ფაქტმა სერიოზული კამათი გამოიწვია იმის შესახებ, შეიძლება თუ არა, რომ მსგავსი ობიექტები ხელოვნების ნიმუშად იყოს მიჩნეული.