თეგებით ძიება

ვინც არ დაწერს მანდატების გაუქმებაზე განცხადებას, პირდაპირ ვამბობ, ეს არის ორმაგი თამაში - გიორგი ვაშაძე

ვინც არ დაწერს მანდატების გაუქმებაზე განცხადებას, პირდაპირ ვიძახი - ეს არის ორმაგი თამაში და დარწმუნებული ვარ, ამ ორმაგ თამაშში არავინ შევა - ამ თვითმარქვია ადამიანებს მივაწვებით კიდეც ბოლომდე, რომ დაუყოვნებლივ უყარონ კენჭი ამ საკითხს,- ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ვაშაძის თქმით, მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ დაწერენ.

„რამდენჯერაც საჭირო იქნება მანდატებთან დაკავშირებით განცხადების დაწერა, იმდენჯერ დავწერთ. ამ თვითმარქვია ადამიანებს მივაწვებით კიდეც ბოლომდე, რომ დაუყოვნებლივ უყარონ კენჭი ამ საკითხს. დაუყოვნებლივ! ვინც არ დაწერს ამ მანდატებზე განცხადებას, პირდაპირ ვიძახი - ეს არის ორმაგი თამაში და დარწმუნებული ვარ, ამ ორმაგ თამაშში არავინ შევა.

[პარტიების] დაფინანსება სპეციალურად აქვთ ჩადებული, რომ ვიღაცას ხელი ააღებინონ მანდატების [გაუქმებაზე]. რა დაფინანსებაზეა საუბარი, როდესაც თვითმარქვია ადამიანები მართავენ ქვეყანას და ხელისუფლება აქვთ მიტაცებული. ხალხს ართმევენ მომავალს. არანაირი დაფინანსება არ მაინტერესებს. დაფინანსება ხალხის სიყვარული და მხარდაჭერაა. მეტი არაფერი, ესაა მთავარი”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ მანდატების შეწყვეტაზე პარლამენტისთვის ამ ეტაპზე მიმართვას არ აპირებს და არ გამორიცხავს, რომ "პროცესს რამდენიმე თვე" დასჭირდეს. აღნიშნულის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

როგორც გიორგი შარაშიძემ აღნიშნა, საპარლამენტო მანდატების შეწყვეტაზე პარლამენტს მიმართავენ მაშინ, როდესაც „ყველაზე კარგი დრო იქნება“.

„ჩვენ პროცესთან გვაქვს საქმე, ეს ხომ არ არის ერთდღიანი, თუნდაც ერთკვირიანი ან ორკვირიანი პროცესი, შესაძლოა, ჩვენ ვიხილოთ თვეების განმავლობაში გაწელილი პროცესი, რომელსაც უბრალოდ ვერ გავექცევით. ამას როდის გავაკეთებთ? გავაკეთებთ მაშინ, როდესაც ამის ყველაზე კარგი დრო იქნება“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა