თეგებით ძიება

უნდა შესულიყვნენ და მოეწყოთ ობსტრუქცია, ხმაურიანად გაეპროტესტებინათ სესიის ჩატარება, ტრიბუნასთან არ მიეშვათ არავინ - ხუხაშვილი ოპოზიციაზე

მოგახსენებთ ჩემს მოსაზრებას, თუ როგორ უნდა შემდგარიყო დღევანდელი დღე - გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

იმისათვის, რომ ოპოზიციამ მოახერხოს პროტესტის კაპიტალიზაცია, საჭიროა ადამიანებმა ისინი იხილონ ბრძოლის წინა ხაზზე, თავდადებულად მებრძოლი.

როგორ შეიძლებოდა ამის გაკეთება?

უნდა შესულიყვნენ სასესიო დარბაზში და მოეწყოთ ობსტრუქცია. ხმაურიანად გაეპროტესტებინათ სესიის ჩატარება, გაეპროტესტებინათ მათი უფლებამოსილების ცნობა, გაეპროტესტებინათ უკანონო დანიშვნები. გაეკეთებინათ ტრიბუნასთან ჯაჭვი და ეცადათ, არ მიეშვათ არავინ. 

გამოყრიდნენ ძალადობით?

ზუსტად ეს იქნებოდა სურათი, რომელიც დღევანდელ დღეს სჭირდებოდა.

ვითარების აბსურდულობას ისიც გაუსვამდა ხაზს, რომ დარბაზიდან ძალადობით გამოყვანის შემდეგ მათ უფლებამოსილებას უყრიდნენ კენჭს.

ეს იქნებოდა სწორი სურათი ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. ის “იდილიური ტკბობაც” ჩაუმწარდებოდა ბიძინას.

გარეთ კი ხალხი დარწმუნდებოდა, რომ ეს ხალხი ნამდვილად მზად არის სერიოზული ბრძოლისთვის და მათი რაოდენობა ერთი რიგით გაიზრდებოდა…

ლიდერი რომ გახდე, პირველ რიგში შენ თვითონ უნდა ირწმუნო, რომ ეს შეგიძლია და უნდა იმოქმედო…

P.S. ყველას გაგიჩნდებოდათ კითხვა - სად ვიყავი აქამდე, რატომ არ ვურჩიე?

ბევრჯერ ვცადე წინასწარ რჩევა და სამწუხაროდ უშედეგოდ…

ამიტომ, გადავწყვიტე, რომ რჩევები აღარ მიმეცა და მხოლოდ შემეფასებინა… - წერს გია ხუხაშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა