პასუხისმგებლობას ამ ღალატში მონაწილე ვერცერთი პირი ვერ გაექცევა - გიორგი გახარია
"ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებების მიღება "ოცნებამ" ქვეყნის დასავლური კურსის ოფიციალური ცვლილებით დააგვირგვინა" - ასე ეხმაურება "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია ივანიშვილის გუნდის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას.
გიორგი გახარია ირაკლი კობახიძის განცხადებას მოღალატეობრივ ნაბიჯად აფასებს და წერს, რომ ეროვნული ინტერესების შელახვის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას.
გაყალბებული არჩევნების შემდეგ მთელი რიგი ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებების მიღება „ოცნებამ“ დააგვირგვინა ქვეყნის დასავლური კურსის ოფიციალური ცვლილებით, რაც გაახმოვანა არალეგიტიმური პრემიერის, კობახიძის ენით.
გასაგებია, რომ ქვეყნის ინტერესებისთვის მოღალატეობრივი ამ ნაბიჯის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ამ უმძიმეს გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ვერცერთი ამ ღალატში მონაწილე პირი ვერ გაექცევა." - წერს გიორგი გახარია.
"ოცნება" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აჩერებს - როგორც ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, "ოცნება" 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე.