აქციაზე დაკავებულ და სასტიკად ნაცემ ბიჭებს ისეთი ხარისხის დაზიანებები აქვთ, იზოლატორში ვერ დატოვეს და კლინიკაში გადაიყვანეს - ნიკა სიმონიშვილი
აქციაზე დაკავებულ და სასტიკად ნაცემ ბიჭებს ისეთი ხარისხის დაზიანებები აქვთ, იზოლატორში ვერ დატოვეს და კლინიკაში გადაიყვანეს - სახეები აქვთ ჩალეწილი, აქვთ ძვლების მრავლობითი მოტეხილობები, სახე არ ეტყობათ, ნაწილი თვალიდან ვერ იყურება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი წერს.
“გუშინ დაკავებულ და ნაცემ ბიჭებზე ძალიან მძიმე ამბებია, მაგრამ მინდა იცოდეთ, როგორი "მშვიდობა" დაგვიმყარა “ქართულმა ოცნებამ“.
აქციაზე დაკავებულ და სასტიკად ნაცემ ბიჭებს გუშინ და დღეს შევხვდი. ისეთი ხარისხის დაზიანებები აქვთ, რომ იზოლატორში ვერ დატოვეს და კლინიკაში გადაიყვანეს.
დაკავების შემდეგ, ყველა მათგანს სპეცრაზმელები და კრიმპოლები სასტიკად უსწორდებოდნენ და გამეტებით ურტყამდნენ სახეში.
პირდაპირი მნიშვნელობით სახეები აქვთ ჩალეწილი, ძვლების მრავლობითი მოტეხილობები აქვთ (ყბა, საფეთქელი, ცხვირი, თვალის ბუდე) და სახეები არ ეტყობათ, ნაწილი თვალიდან ვერ იყურება.
ყველას თვალის ბუდე აქვს გატეხილი, სადამსჯელო რაზმები ამ ადამიანების თვალებზე ნადირობდნენ ისევე, როგორც 20 ივნისის ღამეს. ის, რაც რეზინის ტყვიით არ გააკეთეს, სახეში გამეტებით წიხლებისა და მუშტების დარტყმით მიაღწიეს.
დაკავებიდან მანქანამდე სანამ მიიყვანდნენ, პოლიციელების კორიდორს ატარებდნენ, სადაც ყველა ურტყამდა მათ. როგორც მითხრეს, მანქანასთან იწყებოდა სრული ჯოჯოხეთი - მანამდე რაც გვცემეს, ის არაფერი იყოო, ჯერ დაბლა ყრიდნენ, კიდევ სცემდნენ და მათ სხეულებზე ხტუნაობდნენ ისე, როგორც დამპალი რუსი ოკუპანტები გიორგი ანწუხელიძის სხეულზე. ერთმა ისიც მითხრა, რომ წიწაკის სპრეიც შეასხეს ამ მომენტში, თუმცა ისეთი ნაცემები იყვნენ, ვეღარც იგრძნეს.
საშინელება იყო ისიც, რომ მანქანაში დაკავებულებს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს აბარებდნენ, პოლიციელებს კი არავითარი რეაქცია არ ჰქონდათ იმაზე, რომ მათთან სასტიკად ნაცემი ადამიანები მიჰყავდათ. მეტიც, სიცილითაც ეუბნებოდნენ, მუშტი ვის არ მოხვედრიაო.
ამ ბიჭებს სრული ჯოჯოხეთი გამოატარეს, სამაგალითოდ დასაჯეს და სასტიკად გაუსწორდნენ ის ხალხი, ქართველობას, რწმენას და ოჯახის ღირებულებებს რომ "იცავენ", სინამდვილეში კი ამ ყველაფერს ამოფარებული ფარისევლები არიან, ეს არც ვაჟკაცის საქციელია, არც ამ ქვეყნის შვილის და არც ქრისტიანის.
ამ ყველაფერს ვინც ხელს უწყობთ და ამართლებთ, იმ ხალხს კი ცალკე გაგიხსენებთ“, - აცხადებს ნიკა სიმონიშვილი.