დემონსტრანტები სპეცდანიშნულების რაზმის მიმართულებით სხვადასხვა საგნებს ისვრიან - სპეცდანიშნულების რაზმი წყლის ჭავლით პასუხობს - რა ხდება ჭიჭინაძის ქუჩაზე?
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, პარლამენტის შენობის წინა მხარეს, რკინის ჯებირებთან ახლოს, ვითარება დაიძაბა. სპეცდანიშნულების რაზმი ჯებირების მიღმაა განლაგებული, ხოლო აქციის მონაწილეები მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა სახის ნივთებს. აქციის მონაწილეებმა დაიწყეს პიროტექნიკის გამოყენება და ლაზერების მინათება.
სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის მონაწილეების მისამართით წყლის ჭავლი გამოიყენა. წყლის ჭავლის გამოტყორცნა ჯებირების მარცხენა მხრიდან მოხდა მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა მათ მიმართ აგრესია სხვადასხვა ნივთების სროლით გამოხატეს.
ამ წუთებში, წყლის ჭავლის გამოყენება აღარ ხდება, თუმცა აქციის მონაწილეები იყენებენ პიროტექნიკას, პარლამენტის ფანჯრების მიმართულებით.
შეგახსენებთ, საპროტესტო გამოსვლები თბილისში 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.