“მნიშვნელოვანია სკოლების დეპოლიტიზება - წლების განმავლობაში დაკნინებული იყო პატრიოტული აღზრდის, ეროვნული იდენტობის გაცნობიერების მნიშვნელობა“ - ირაკლი კობახიძე
“ძალიან მნიშვნელოვანია სკოლების დეპოლიტიზება. გახსოვთ, ეს წინა ხელისუფლების ხელწერა იყო და ამ ხელწერით აგრძელებენ ახლაც მოქმედებას, რაც აბსოლუტურად მიუღებელია“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, წლების განმავლობაში მაქსიმალურად იყო დაკნინებული ეროვნულ სასწავლო გეგმაში პატრიოტული აღზრდის მნიშვნელობა და საკუთარი ეროვნული იდენტობის გაცნობიერების მნიშვნელობა.
“განათლების სისტემა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, რაც ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა. ბუნებრივია, ძალიან დიდი ინვესტიცია უნდა ჩაიდოს როგორც სასკოლო, ისე უმაღლესი განათლების მიმართულებით, ასევე, პროფესიული განათლების მიმართულებით. იცით, რომ ამ კუთხით ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს. რაც შეეხება სკოლებს, სერიოზული პრობლემა იყო წლების განმავლობაში, როდესაც მაქსიმალურად იყო დაკნინებული ეროვნულ სასწავლო გეგმაში პატრიოტული აღზრდის მნიშვნელობა, საკუთარი ეროვნული იდენტობის გაცნობიერების მნიშვნელობა და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, ამან თავისი შედეგები გამოიღო, თუმცა, არაფერია დაგვიანებული და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ სათანადო ყურადღება დაეთმოს ჩვენი ბავშვების, მოსწავლეების სათანადო აღზრდას და მათთვის სათანადო განათლების მიწოდებას. ძალიან მნიშვნელოვანია სკოლების დეპოლიტიზება, გახსოვთ, ეს წინა ხელისუფლების ხელწერა იყო და ამ ხელწერით აგრძელებენ ახლაც მოქმედებას, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ სასკოლო განათლების კუთხით სერიოზული წინსვლა გვქონდეს“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია უმაღლესი განათლების განვითარება.
“მოგეხსენებათ, აქ ძალიან ამბიციური პროექტი გვაქვს, რომელიც უკავშირდება თბილისის და ქუთაისის სახელმწიფო საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარებას და სწავლების შინაარსის გაუმჯობესებას. 4 წლის თავზე, ჩვენ გვექნება თვისებრივად განსხვავებული გარემო ჩვენი სტუდენტებისთვის და ამაღლებული სწავლების ხარისხი ჩვენი სტუდენტებისთვის, რასაც გეგმაზომიერად მივყვებით“, - განაცხადა კობახიძემ.