თეგებით ძიება

არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და 28 ნოემბერიდან 2 დეკემბრამდე პერიოდში განვითარებულ მოვლენებს აფასებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, „ბოლო ოთხი დღე-ღამის განმავლობაში, თბილისში რუსთაველის გამზირზე და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ათიათასობით საქართველოს მოქალაქე იკრიბება, რათა გამოხატონ პროტესტი „ქართული ოცნების“ მორიგი ანტიკონსტიტუციური ნაბიჯისა და საქართველოს ევროპული კურსიდან გადახვევის წინააღმდეგ“.

მათივე განმარტებით, „პროტესტის საპასუხოდ, მიტაცებული არჩევნების შედეგად თვითგამოცხადებული, არაკონსტიტუციური, არალეგიტიმური ხელისუფლება უპრეცედენტო რეპრესიებს იყენებს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ“.

„აქციის მონაწილეთა მიმართ ადგილი აქვს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას და საქართველოს კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალთან სრულიად შეუთავსებელი არაპროპორციული ძალის გამოყენებას. კერძოდ, აქციების მიმდინარეობის განმავლობაში გამოიკვეთა შემდეგი ხასიათის დარღვევები:

პოლიციური ძალების არათანაზომიერი მობილიზება და მათი იდენტიფიცირების შეუძლებლობა

მშვიდობიანი აქციის დაწყების პირველივე წუთებიდან, აქციის დაშლის, აქციის მონაწილეთა ცემისა და მათი უკანონო დაკავების მიზნით მობილიზებული იყო უპრეცედენტო მასშტაბის პოლიციური ძალები და ტექნიკა. აქციების დაშლის პროცესში მთავარი ფუნქცია დაკისრებული ჰქონდა და აქვს აშშ-ის მიერ სანქცირებულ, სისასტიკით ცნობილი ზვიად ხარაზიშვილის დაქვემდებარებაში მყოფ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს (ე.წ. „რობოკოპებს“), რომლებიც პირველივე წუთებიდან აღჭურვილნი იყვნენ ჩაფხუტებით, ხელკეტებით, ფარებით, რეზინის ტყვიების სასროლი იარაღით, ცრემლსადენი გაზითა და წიწაკის სპრეით. მათ ზურგს უმაგრებდა წყალსატყორცნი ტექნიკა. „სამართალდამცავთა“ უმეტესობას სახე მთლიანად აქვს დაფარული ნიღბით და მათ ფორმებზე არ არის არავითარი განმასხვავებელი ნიშანი. ეს გარემოება ართულებს და ხშირ შემთხვევაში, საერთოდ გამორიცხავს მათ იდენტიფიცირებას, რაც ახალისებს მათ მიერ დემონსტრანტებზე ძალადობას, რადგან აქვთ დაუსჯელობის განცდა.

ძალადობის პროვოცირების მცდელობები

სამართალდამცავები გამუდმებით ცდილობდნენ აქციის მშვიდობიანი მონაწილეების პროვოცირებას – იყენებდნენ მათ წინააღმდეგ შეურაცხმყოფელ სიტყვებს, აგინებდნენ, ესროდნენ ქვებს, ცდილობდნენ მათთან ახლო კონტაქტში შესვლას და შეკრებილი ადამიანების რუსთაველის გამზირისაკენ ძალადობით ჩამოწევას. დრო და დრო აქციის მონაწილეთა მასაში შეჭრილი ჯგუფები იტაცებდნენ ცალკეულ პირებს და მიათრევდნენ პოლიციის კორდონების უკან, სადაც უმოწყალოდ, ჯგუფურად ცემდნენ ხელებით, ფეხებით და ხელკეტებით. გარდა ამისა, დაიდენტიფიცირდა აქციის მონაწილეთა შორის ე.წ. პროვოკატორები, რომლებიც ცდილობდნენ დაძაბულობის შექმნას და პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების წინაპირობების შექმნას.

მშვიდობიანი შეკრებების დაშლისკენ მიმართული გადაწყვეტილებებისა და მოქმედებების უკანონობა

შეკრებებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევა: აქციის დაშლის გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით ამ გადაწყვეტილებების აღსრულების ფორმები წინააღმდეგობაშია როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ასევე საერთაშორისო სტანდარტებთან. არ არსებობდა აქციის მონაწილეთა მიმართ წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზისა და წიწაკის სპრეის, გამოყენების წინაპირობები. ამასთან, წყალსატყორცნი ტექნიკის მიერ გამოყენებულ წყლის ჭავლში შერეული იყო გაურკვეველი ქიმიური ნივთიერება, რაც თვალების წვას და სუნთქვის გართულებას იწვევდა.

აქციის მონაწილეებთან მოპყრობა: სამართალდამცავები სასტიკად ძალადობდნენ დემონსტრანტებზე, რომელთაგან არ მომდინარეობდა არავითარი საფრთხე. კერძოდ, ძირს აგდებდნენ აქციის მონაწილეებს და განზრახ ჯგუფურად სცემდნენ ხელების, ფეხებისა და ხელკეტების გამოყენებით, მათ შორის, სიცოცხლისთვის საშიში ადგილებზე. პოლიციელთა მიერ ძალადობა ხორციელდებოდა დემონსტრაციულად, კამერების თვალწინ და ატარებდა დემონსტრანტების დასჯის ხასიათს. პოლიციელთა მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად, ოცამდე დემონსტრანტს დასჭირდა ჰოსპიტალური მკურნალობა.

უკანონო დაკავება: სასტიკი ანგარიშსწორების შემდეგ, დემონსტრანტებს უკანონოდ აკავებდნენ. აკავებნენ შემთხვევითი პრინციპით – ვინც ხელში მოხვდებოდათ, მათ შორის, მშვიდობიანად მდგარ პირებს. ბევრ მათგანს აკავებდნენ იმ დროს, როდესაც ისინი მშვიდად ტოვებდნენ აქციის ტერიტორიას. პროტესტის მონაწილეების დაკავება ხდებოდა მეტროსადგურებში, თეატრებში, მაღაზიებში. გასული ოთხი ღამის განმავლობაში სულ დაკავებულ იქნა 200-ზე მეტი დემონსტრანტი. დაკავებისას, სისტემურად ირღვეოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით დადგენილი სტანდარტები.

დაკავებულების ადგილსამყოფლის დამალვა და საპროცესო უფლებების დარღვევა: დაკავებულების დიდ ნაწილს უარს ეუბნებოდნენ მათ უფლებაზე – დაკავშირებოდნენ ახლობლებსა და ადვოკატებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, მისი უკანონო პრაქტიკის შესაბამისად, მალავდა დაკავებულთა ადგილსამყოფელს და დაკავებულებს ახლობლები, ადვოკატები ეძებდნენ მთელი საქართველოს მასშტაბით დროებითი დაკავების სხვადასხვა იზოლატორში და პოლიციის განყოფილებაში. ეს არის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6.1 მუხლით დაცული უფლებების უხეში დარღვევა.

ჟურნალისტებზე მიზანმიმართული თავდასხმა

აქციის მიმდინარეობის ყველა დღეს გამოიკვეთა ჟურნალისტებზე მიზანმიმართული თავდასხმის, რეპრესიების, მათზე ნადირობის ფაქტები. საერთო ჯამში 50-ზე მეტი ჟურნალისტი და ტელეოპერატორი გახდა პოლიციელთა სამიზნე. პოლიციელთა მხრიდან მათ მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას (სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული). განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ძალადობა „ფორმულას“ წამყვან გურამ როგავაზე, ტვ „პირველის“ ჟურნალისტ მარიამ გაფრინდაშვილზე და ონლაინ მედია „პუბლიკას“ ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელაშვილზე რომლებმაც ძალადობის შედეგად, სავარაუდოდ, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღეს. თავდასხმების მსხვერპლნი გახდნენ, ასევე, პირველი არხის, „რადიო თავისუფლების“, „პუბლიკის“ და მედიის სხვა წარმომადგენლები.

მოსალოდნელი სანქციები: საქართველოში უკვე ჩამოყალიბებული უკანონო პრაქტიკის თანახმად, სასამართლო დაკავებულების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე („წვრილმანი ხულიგნობა“) და 173-ე („სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა“) მუხლების საფუძველზე, იყენებს მკაცრ სანქციბს, მათ შორის – ადმინისტრაციულ პატიმრობას. ვინაიდან სასამართლო, ისევე, როგორც ხელისუფლების ყველა შტო და ინსტიტუტი უკანონო რეჟიმს აქვს მიტაცებული, არ არსებობს დაკავებულთა მიმართ კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღების მცირედი შანსიც კი.

სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფრთხე: საზოგადოების უფრო მეტად დაშინების მიზნით, ზოგიერთი დაკავებულის მიმართ არსებობს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების რეალური საფრთხეც. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაწყებულია გამოძიება პოლიციელზე „თავდასხმისა“ (სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლი) და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების (სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლი) ფაქტებზე. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პროკურატურაც წარმოადგენს მმართველი პარტიის ხელში, პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღს, ამ შემთხვევაშიც არ არსებობს კანონიერი გადაწყვეტილებების მოლოდინი.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და პროკურატურის დანაშაულებრივი უმოქმედობა: დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეა. ამ სამსახურმა პოლიციელთა მიერ დემონსტრანტებზე განხორციელებული ორდღიანი ძალადობის შემდგომ გააკეთა განცხადება გამოძიების დაწყების შესახებ, თუმცა დღემდე ამ სამსახურის მიერ ფორმალურად დაწყებული გამოძიებებისა და სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების მიმართ სრულად უმოქმედობის პრაქტიკის მხედველობაში მიღებით, არ არსებობს მოლოდინი, რომ გამოძიება ბოლომდე იქნება მიყვანილი და დანაშაულის ჩამდენი ე.წ. „სამართალდამცავები“ წარდგებიან მართლმსაჯულების წინაშე. სამწუხაროდ, უმოქმედობის თანამონაწილე და სამართალდამცავთა მიერ დანაშაულთა ჩადენის ხელშემწყობია საქართველოს პროკურატურაც, რომელიც გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის მნიშვნელოვანი ბერკეტის ქონის მიუხედავად, იყენებს დუმილის უფლებას ქვეყანაში ორდღიანი ძალადობის სერიების ფონზე და არ ახორციელებს არავითარ მონიტორინგს არც შინაგან საქმეთა სამინისტროს და არც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობაზე,

მოვითხოვთ:

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეწყვიტოს მშვიდობიან მომიტინგეებზე სასტიკი ანგარიშსწორება. პოლიციელები დადგნენ ხალხის მხარეს და შეწყვიტონ უკანონო ბრძანებების შესრულება. დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა დაკავებული დემონსტრანტი;

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიოს ზემოთ აღწერილი ქართველი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლით, ასევე, ჟურნალისტების მიმართ დამატებით გამოძიება აწარმოოს 154-ე მუხლით (ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელისშეშლით) და დროულად გადასცეს მასალები საქართველოს პროკურატურას შესაბამისი პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად;

საქართველოს პროკურატურამ განახორციელოს ეფექტური საპროცესო ხელმძღვანელობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში წარმოებულ გამოძიებაზე ან სრული მოცულობით ჩაატაროს ამ საქმეებზე წინასწარი გამოძიება. დროულად მისცეს პასუხისგებაში ყველა ის ადამიანი, რომელიც რამდენიმე დღეა სასტიკად უსწორდება რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მშვიდობიან ადამიანებს. ასევე, მოვუწოდებთ პროკურატურას, შეასრულოს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მისთვის დაკისრებული ფუნქცია – გაუწიოს ზედამხედველობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული დაკავებების კანონიერებას და უზრუნველყოს უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება.

მოსამართლეებმა შეწყვიტონ სამართლებრივი მექანიზმების სადამსჯელო მიზნით გამოყენება და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ უკანონო გადაწყვეტილებების მიღება.

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნოს ფარულობის, საყოველთაოობის და სხვა არაერთი არსებითი დარღვევის ფონზე ჩატარებული არჩევნები და ბათილად ცნოს მისი შედეგები.

აქვე მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი საქართველოში მიმდინარე რეპრესიული მოვლენების შესაჩერებლად, მათ შორის გამოიყენონ კონკრეტული პასუხისმგებელი პირების სანქცირების მექანიზმებიც.

არჩევნების გაყალბებით მოპოვებული ძალადობის შენარჩუნების მცდელობა სწორედ ამგვარია. ძალაუფლების მქონე პირები ყველა ფასით ცდილობენ ხელისუფლების მოპოვებას/შენარჩუნებას. აღნიშნულს წინ შეგვიძლია აღვუდგეთ ჩვენ, ქართველი ხალხი. სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, მუდმივი და შეუდრეკელი პროტესტით დავიცვათ საქართველოს ევროპული მომავალი. საქართველო არის ქართველი ხალხი და არა არჩევნების გამყალბებელი დე-ფაქტო ხელისუფლება, რომელსაც ძალის გამოყენების გარდა სხვა ბერკეტი და არგუმენტი არ გააჩნია“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა