კადრებში ვნახეთ, რომ გარკვეულ პირებს ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნებიც კი ჰქონდათ, მოვახდენთ იდენტიფიცირებას და შესაბამისი პასუხისმგებლობაც დაეკისრებათ - ვაჟა სირაძე
აგრესიას თუ ვერ ხედავთ მოქალაქეების მხრიდან ძალიან სამწუხაროა, მაშინ მე განახებთ ფოტოებს, სადაც ჩემს თანამშრომლებს სახის არიდან, შუბლიდან გარკვეული რკინის საგნები ამოუღეს, რომელიც მათ ესროლეს, გარდა ამისა პოლიციელებს წვავდნენ, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა.
სირაძის თქმით, რაიმე სახის გადაცდომა თუ არის, შესაბამისი სამსახურები მიიღებენ ზომებს.
„რაც შეეხება იმ ძალადობრივ ფაქტებს, რასაც თქვენ ანახებთ, თუ ვინმეს რაიმე დაზიანება აქვს, მე საუბარი მაქვს მოქალაქეებზე, ძალიან ცუდი ფაქტია. არცერთ პოლიციელს, არც საზოგადოებას არ მოსწონს, მაგრამ როდესაც ხდება ღონისძიება, პოლიციური ძალები აღკვეთენ სამართალდარღვევას, პროპორციული ძალის გამოყენებისას შესაძლოა, რომელიღაც მოქალაქეს მოუწიოს გარკვეული სახის დაზიანება, მაგრამ თუ რაიმე სახის გადაცდომა არის, შესაბამისად ამ ქვეყანაში არსებობს შესაბამისი სამსახურები, რომლებიც მიიღებენ შესაბამის ზომებს. არავითარი რუსეთი არ არსებობს პოლიციელები არსებობენ, რომელთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ექმნება საფრთხე და არსებობს სტრატეგიული შენობა, რომელსაც ცეცხლს უკიდებენ. ამ ქვეყანაში არსებობს კანონი, სახელმწიფო და მივიღებთ შესაბამის ზომებს, ეს ქვეყანა იქნება წელში გამართული. დავინახეთ კადრებში, სადაც გარკვეულ პირებს ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნებიც კი ჰქონდათ, მოვახდენთ იდენტიფიცირებას და შესაბამისი პასუხისმგებლობაც დაეკისრებათ“, – განაცხადა სირაძემ.