ნიკა გვარამია მხნედ არის ყველას მოუწოდებს, ბრძოლა მტკიცედ გააგრძელონ - ადვოკატი
ნიკა გვარამიას დაკავებიდან 24 საათის გასვლის შემდეგ, მისმა ადვოკატებმა ამ დრომდე არ იციან, კონკრეტულად რომელი მუხლით არის დაკავებული კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერი.
უფლებადამცველის განცხადებით, სავარაუდოდ, ხვალ, 6 დეკემბერს, ნიკა გვარამიას მარნეულის წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან სასამართლო სხდომაზე გადაიყვანენ და სწორედ იქ გახდება ცნობილი, რას ედავებიან მას.
"ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ოფიციალურად არ ვიცით, რა მუხლით არის დაკავებული. ვიცით, რომ არის დაკავებული ადმინისტრაციული წესით, მაგრამ არანაირი დოკუმენტი არ ჩაბარებია, ამიტომ დაზუსტებით იმის თქმა, თუ რა მუხლით არის დაკავებული, არ ვიცით. ველოდებით, რომ ხვალ უკვე გადაიყვანენ სასამართლოზე და იქ უკვე დეტალურად გავერკვევით, რა მუხლით არის დაკავებული და რას ედავებიან, ამის შესაბამისად წარვადგენთ შესაბამის მტკიცებულებებს. მხნედ არის და დამაბარა მეთქვა, ყველას მოუწოდებს, რომ გააგრძელონ ბრძოლა მტკიცედ და მოთმინებით. იქიდანაც კარგად ჩანს, რომ სისტემას სულ რამდენიმე დღე დარჩა და მისი მოწოდებაა, რომ ბრძოლა გავაგრძელოთ", - ამბობს ადვოკატი.