არ მოვითმენთ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას საქართველოში - ჯინ შაჰინი
დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს პოლიტიკური ვითარების გაუარესებას - ამის შესახებ მერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში განაცხადა, სადაც გლობალური მაგნიტსკის აქტზე მსჯელობენ.
მისი თქმით, ათასობით ადამიანი ქუჩაშია შვიდი დღეა და აპროტესტებს ქართული ოცნების გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ:
როგორც ვიცით საქართველოში სიტუაცია სულ უფრო მძიმე ხდება. ეს კომიტეტი ქართველი ხალხის მიმართ დიდი ხანია ერთგულია. ყველანი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს გაუარესებულ პოლიტიკურ ვითარებას. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ათასობით ადამიანი ქუჩაში აპროტესტებს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ნათლად განვაცხადოთ, რომ ამ საკითხში საქართველოსთან დაკავშირებით სენატსა და კონგრესში ორპარტიული კონსენსუსი არსებობს და არ ვაპირებთ მოქმედების გარეშე შევეგუოთ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს, რომლებიც ქვეყანაში ხდება. იმედი მაქვს, რომ პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტია ამ გზავნილს გაიგებენ“, - განაცხადა ჯინ შაჰინმა.