როდის და სად აინთება თბილისის მთავარი ნაძვის ხე?
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების ფონზე, ჯერჯერობით უცნობია, როდის და სად აინთება თბილისის მთავარი ნაძვის ხე.
ნაძვის ხის შენახვასა და აწყობაზე პასუხისმგებელი უწყების, "თბილსერვისის" პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ამ დროისთვის მათთვის არ მიუმართავს მერიის შესაბამის სამსახურს ნაძვის ხის დადგმის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყების მოთხოვნით.
"როგორც წესი, მოსამზადებელი სამუშაოები იწყება ხოლმე დეკემბრის დასაწყისში. საპროტესტო აქციებამდე ასეც იგეგმებოდა, თუმცა ახლა, ჯერჯერობით, არ გვაქვს ინფორმაცია, როდის დაიწყება ეს პროცესი“, - გვეუბნებიან "თბისლერვისის" პრესსამსახურში.
გასულ წელს, თბილისის მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთო. 2021 და 2022 წლებში მთავარი ნაძვის ხე პარლამენტის წინ 10 დეკემბერს განათდა.
2023 წელს თბილისის მერიას ახალი ნაძვის ხის დადგმა და მორთვა 720 ათასი ლარი დაუჯდა. მანამდე, ერთი წლით ადრე, ახალი წლის ღამეს ფეიერვერკის გამო ცეცხლი გაუჩნდა მილიონი ლარის ღირებულების ნაძვის ხეს, რომელიც თბილისის მერიამ 2019 წელს იტალიაში შეიძინა.