თეგებით ძიება

სამწუხაროდ, ძალიან იშვიათი იყო განცხადება, რომლითაც უცხოელი სუბიექტები აქციის მონაწილეებს მოუწოდებდნენ, მშვიდობიან ფორმაში გამოეხატათ პროტესტი - პაპუაშვილი

სამარცხვინო იყო ის, რომ ქალბატონი სალომე პირდაპირ მოუწოდებდა ბავშვებს, სკოლის მოსწავლეებს, ჩართულიყვნენ იმ ძალადობრივ აქციებში, რომელსაც ვხედავდით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა.

მისი თქმით, ასეთი რამ არ მომხდარა საქართველოში არასდროს, რასაც ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ბოლო პერიოდია, აკეთებენ. პაპუაშვილის შეფასებით, ეს არის საერთოდ გადაშლა იმ კულტურისა, მათ შორის, პროტესტის კულტურისა, რომელიც საქართველოში არსებობს.

„სამარცხვინო განცხადებებია, მაგრამ არ გვიკვირს ეს ყველაფერი. მას რამდენიმე დღე დარჩა უფლებამოსილების ამოწურვამდე და იქამდე რაღაცნაირად ეს დღეები ასე უნდა გადავიტანოთ. რაც შეეხება ბავშვების ჩართვის საკითხს, კიდევ ერთხელ, სამარცხვინო იყო ის, რომ ქალბატონი სალომე პირდაპირ მოუწოდებდა ბავშვებს, სკოლის მოსწავლეებს რომ ჩართულიყვნენ იმ ძალადობრივ აქციებში, რომელსაც ჩვენ ვხედავდით. აი, რა პასუხისმგებლობაზე შეიძლება, საერთოდ ისაუბროს ადამიანმა, როდესაც ვხედავთ ასეთ მავნებლურ მოწოდებებს. ამის გამომჟღავნება ჩვენ ხომ ვნახეთ, ვნახეთ ოპოზიციური პარტიები შევარდნილი სკოლებში, ბავშვების ტერორი სკოლებში, რომელსაც არ ერიდება რადიკალური ოპოზიცია და მათი ე.წ. ცნობადი აქტივისტები, რაც სამარცხვინოა, ასეთი რამ არ მომხდარა საქართველოში არასდროს, რასაც ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ბოლო პერიოდია, აკეთებენ. ეს არის საერთოდ გადაშლა იმ კულტურისა, მათ შორის პროტესტის კულტურისა, რომელიც საქართველოში არსებობს, ჩვენ ვნახეთ პირველად გამოყენებული „მოლოტოვის კოქტეილი“ 2023 წელს და ვნახეთ ამის ტოლერირება, უცხოეთიდან ამის არდაგმობამ და ქალბატონი სალომეს მიერ დამნაშავის შეწყალებამ რა გამოიწვია, იმ ერთ გასროლილ „მოლოტოვის კოქტეილს“ ნახეთ რა მოყვა ახლა – რამდენჯერ ისროლეს და როგორ ჰქონდათ პარტიის ოფისებში დასაწყობებული გამზადებული „მოლოტოვის კოქტეილები“. ეს შედეგი მოაქვს მათ რადიკალიზმს და ჩვენ ვნახეთ, რომ პირველად ბავშვებს სკოლებში შეუვარდნენ, ატერორებენ ბავშვებს და ამას აკეთებენ ევროპის სახელით, ამაზე ევროპა დუმს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სამწუხაროდ, ძალიან იშვიათი იყო განცხადება, რომლითაც უცხოელი სუბიექტები პროტესტის მონაწილეებს მოუწოდებდნენ, მშვიდობიან ფორმაში გამოეხატათ პროტესტი.

„სამწუხარო არის, აქაც ვიხილეთ, რომ ძალადობას ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი ეძახის მშვიდობას, ასეთი მშვიდობა ჰქონდეთ ყოველდღე საკუთარ დედაქალაქებში თუკი ეს არის მშვიდობა. სამარცხვინოა უბრალოდ, როდესაც პირდაპირ ეთერში ყველა ვუყურებდით ამ ყველაფერს და ისინიც შესაბამისად; ეს აღარ არის 30 წლის წინანდელი პერიოდი, როდესაც შეიძლება, გაზეთებიდან იგებდნენ ახალ ამბებს. ჩართონ ქართული ტელევიზიები, შეუძლიათ, ნახონ ვიდეოები, ან პირდაპირი ეთერითაც უყურონ, რა ხდებოდა რუსთაველის გამზირზე, როგორ ესხმოდნენ თავს პოლიციელებს, მაშხალების სროლას ზოგიერთი როგორ უწოდებდა რაღაც ფერად ანცობას, როდესაც ადამიანს აზიანებდნენ და იცით, რომ 140 პოლიციელი დაზიანდა ამ დროს. ამას ყველაფერს, ქვების სროლას, „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას, ასაფეთქებელი პიროტექნიკის სროლას ადამიანისთვის დამიზნებით, მათ შორის, პირველი არხის ოპერატორისთვის დამიზნებით სროლას, ამას რომ ევროპელები უწოდებენ მშვიდობას და მშვიდობიან აქციას, ეს არის სირცხვილი. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ზოგიერთი უცხოელი აქტორი რამდენად აცილებული არის რეალობას და რამდენად სურს ზოგიერთს, ქართველი ხალხის არჩევანი წაართვან ქართველ ხალხს და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა