გულწრფელ ახალგაზრდებს მინდა შევთავაზო საჯარო დისკუსიაში ჩართვა, რომლებსაც აქვთ პროტესტის განცდა, ჩაერთონ საჯარო დისკუსიაში, ნებისმიერ ფორმატში - პრემიერი
პირადად მზად ვარ, რომ ნებისმიერ ფორმატში დავუჯდე ათ, თორმეტ ახალგაზრდას და გულწრფელად, გახსნილად ვისაუბროთ ყველა იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც მათ შეიძლება აწუხებდეთ, იქნება ეს ევროინტეგრაციის თემა თუ ნებისმიერი სხვა საკითხი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
პრემიერის თქმით, ის გულწრფელ ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ პროტესტის განცდა, სთავაზობს საჯარო დისკუსიაში ჩართვას, ნებისმიერ ფორმატში.
„მე კიდევ ერთხელ მინდა გავხსნა საჯარო სივრცე დისკუსიისთვის. თქვენ ხედავთ, რომ ყოფილი და მოქმედი პოლიტიკოსების რესურსი, რომ რაიმე ტიპის დისკუსიაში ჩაერთონ, არის სრულიად შეზღუდული. მათ თავიდან სცადეს კონკრეტულმა ყოფილმა პოლიტიკოსებმა დისკუსიაში ჩართვა, თუმცა, მათაც მოუწიათ უარი ამ საჯარო დისკუსიაზე, აქედან გამომდინარე, მე პირველ რიგში, გულწრფელ ახალგაზრდებს მინდა შევთავაზო საჯარო დისკუსიაში ჩართვა, რომლებსაც აქვთ პროტესტის განცდა, ჩაერთონ საჯარო დისკუსიაში, ნებისმიერ ფორმატში. მოვიდნენ, რათა მონაწილეობა მიიღონ საჯარო დისკუსიაში. ამისათვის ჩვენ ვართ ყოველთვის ღია და გახსნილი. აქაც რა თქმა უნდა, საქმეში ჩაერთვება ლიბერალური ფაშიზმი, რომელიც მაქსიმალურად ეცდება. რომ არავითარი საჯარო დისკუსია არ დაუშვას მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენი კარი არის აბსოლუტურად ღია ასეთი საჯარო დისკუსიებისთვის. პირადად მზად ვარ, რომ ნებისმიერ ფორმატში დავუჯდე ათ, თორმეტ ახალგაზრდას და გულწრფელად, გახსნილად ვისაუბროთ ყველა იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც მათ შეიძლება აწუხებდეთ, იქნება ეს ევროინტეგრაციის თემა თუ ნებისმიერი სხვა საკითხი, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნების განვითარებას.
ასევე, აბსოლუტურად ღია ვარ საერთაშორისო მედიისთვის. უცხოურ მედიაშიც არის დეზინფორმაციის მთელი ნიაღვარი საქართველოს და ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. მზად ვარ, რომ ნებისმიერ უცხოურ მედიას პირდაპირი ეთერის ფორმატში ჩავერთო და აქაც ვართ მზად ღია დისკუსიისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.