ალბათ, აუცილებელია NCDC-ის დირექტორი დროულად შეირჩეს - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ აუცილებელია ცენტრის ხელმძღვანელი დროულად შეირჩეს.
საქმე ის არის, რომ მას შემდეგ, რაც ამირან გამყრელიძემ აღნიშნული პოსტი დატოვა, NCDC-ის დირექტორის მოვალეობას, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ასრულებდა. „ოცნების“ ერთპარტიული პარლამენტის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ კი თამარ გაბუნია, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მოადგილის პოსტზე საერთოდ აღარ წარადგინა. უწყებაში განაცხადეს, რომ გაბუნია თანამდებობაზე ურთიერთშეთანხმების საფუძველზე აღარ დაინიშნა და ის აღარც NCDC-ის დირექტორის მოვალეობას აღარ შეასრულებს. შესაბამისად, დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის პოსტი ვაკანტურია.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ ამირან გამყრელიძე აცხადებს: „ახლა შეარჩევენ ალბათ დირექტორს. ქ-ნი თამარი [გაბუნია] ერთ-ერთი განათლებული ქალბატონი იყო, მაგრამ რთულია პირველი მოადგილის და ამხელა ინსტიტუტის დირექტორობის შეთავსება, თუმცა იყო მოვალეობის შემსრულებელი. ახლა, ალბათ, აუცილებელია დროულად იქნეს შერჩეული ხელმძღვანელი. ძალიან ბევრი ადამიანია თვითონ NCDC-ში ამის ღირსი, ალბათ სხვაც, სამინისტროს გადასაწყვეტია ეს, მე ვერ ვურჩევ“, - განაცხადა გამყრელიძემ.
წყარო: BMG