ქვეყანა სამოქალაქო ომამდე მივა, თუ ეს სადღაც არ შეჩერდა - ლევან იოსელიანი
სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ძალიან საშიშ ზღვარზე ვართ და ასე გაგრძელებით, ქვეყანა სამოქალაქო ომამდე მივა. მან ამის შესახებ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, სადაც "ტვ პირველის" ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის შესახებ გააკეთა კომენტარი.
იოსელიანის თქმით, არაფორმალური ჯგუფების თარეში უნდა აღიკვეთოს და მათი პასუხისმგებლობა დადგეს.
"მეც, როგორც ალბათ ყველა მოქალაქე, ვინც კადრები ნახა, შოკირებული ვარ. წარმოუდგენელია ასეთი რაღაც, რომ თბილისის ქუჩებში შავებში ჩაცმული ადამიანები დათარეშობენ და თავს ესხმიან ადამიანებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ შსს-ს, საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელობას, რომ აღკვეთონ ეს და ყველა პირი, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა, პასუხისგებაში მისცენ.
ქვეყანა ასე მივა სამოქალაქო ომამდე, თუ ეს სადღაც არ შეჩერდა. ამაზე უფრო მეტი რა უნდა ვნახოთ, როდესაც არაფორმალურად ჩაცმული ადამიანები თავს ესხმიან ჟურნალისტებს, მოქალაქეებს და ამაზე შესაბამის რეაგირებას ვერ ვხედავთ",- განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ოფიციალური განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველის აპარატმაც და მოუწოდებს რუსთაველის მიმდებარედ მობილიზებულ საპოლიციო ძალებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება და უზრუნველყონ ადგილზე მოქალაქეთა უსაფრთხოება.
"ბოლო ერთი საათის განმავლობაში, მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, შავებში ჩაცმული პირები თავს ესხმიან და ფიზიკურად უსწორდებიან მოქალაქეებს და ტვ პირველის ჟურნალისტებს.
სახალხო დამცველი მოუწოდებს რუსთაველის მიმდებარედ მობილიზებულ საპოლიციო ძალებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება და უზრუნველყონ ადგილზე მოქალაქეთა უსაფრთხოება.
სამართალდამცავმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება და მოხდეს შესაბამისი პირების პასუხისგებაში მიცემა",- წერია განცხადებაში.