თეგებით ძიება

თუ უახლოესი 24 საათის განმავლობაში არ დაგმობ ამ ფაქტს, მთელი პასუხისმგებლობა გეკისრება შენ - ხაზარაძე ივანიშვილს მიმართავს

გუშინ ჩვენ ვნახეთ სახელმწიფოს, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილის მიერ წაქეზებული კრიმინალების ჩატარებული სპეცოპერაცია, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ხაზარაძე „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას გამოეხაურა. მან „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მოუწოდა, საჯაროდ დაგმოს ჟურნალისტებზე თავდასხმა და დამნაშავეები დასაჯოს

„მინდა, გითხრათ საიდან იწყება ეს ყველაფერი – ეს იწყება როცა იტაცებ არჩევნებს, როცა ხალხს ართმევ ყველაზე მთავარს-ნების გამოხატვას და ხმის უფლებას, მერე არალეგიტიმურად იწვევ პარლამენტს, არალეგიტიმურად ნიშნავ მთავრობას და წყვეტ ყველა კავშირს იმ სტრატეგიულ პარტნიორებთან, რომლებიც ბოლო 35 წლის განმავლობაში ჩვენი, ქართველი ხალხის გვერდით იდგა, ეს არის ევროკავშირი და ეს არის შეერთებული შტატები. ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა, რომ საქართველო აქციოს რუსეთის გუბერნიად და ამ ქვეყანაში თავისუფალმა ხალხმა იცხოვროს მარტო მისი კანონებით ტერორის ქვეშ. მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს, როგორც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ის, რაც გუშინ მოხდა პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ! რუბიკონი გადალახულია! გუშინ რაც ჩვენ ქუჩაში ვნახეთ, ვიმეორებ ბატონო ბიძინა, საპატიო თავმჯდომარევ, გუშინ ჩვენ ქუჩაში ვნახეთ ტერორისტული აქტი ქართველი ხალხის წინააღმდეგ! თუ უახლოესი 24 საათის განმავლობაში არ გამოხვალ და არ დაგმობ ამ ფაქტს, იმ კრიმინალებს არ დაიჭერ, არ აჩვენებ ქვეყანას და მთელ საზოგადოებას, რომ ემიჯნები, რომ საქართველოში არსებობს კანონი, არსებობს პოლიცია, სამართალი და სამართალდამცავი ორგანოები, თუ ამას არ გააკეთებ 24 საათის განმავლობაში, მთელმა საზოგადოებამ იცის, ვინ არიან ეს ზონდერები. მთელი პააუხისმგებლობა გეკისრება შენ, პირადად! შენ, როგორც რუს ადამიანს, რომელიც ჩამოსულია საქართველოში, რომ საქართველო შეათრიოს რუსეთში, მაგრამ ახლა, კონკრეტულად საუბარია იმ ზონდერებზე, რომლებიც შენი წაქეზებით, შენი დაცვის ყოფილი უფროსის, შენი ყოფილი თანამშრომლების, რომლებიც სტრუქტურებში გყავს განაწილებული, მათი ხელშეწყობით, კრიმინალური ფულით დაფინანსებული, დღისით, მზისით ატერორებენ ჩვენს შვილებს. შენ პირადად გეკისრება ეს პასუხისმგებლობა. გამოდი, დაგმე და აჩვენე საზოგადოებას, რომ დაისჯებიან კანონის სრული სიმკაცრით. თუ არა და ეს ყველაფერი არის შენი პასუხისმგებლობა და გეუბნები, ეს რუსული კრიმინალური მენტალობა, შენი მენტალობა ამ ქვეყანაში დასრულდება! ეს ხალხი არ შეწყვეტს ბრძოლას თავისუფლებისთვის! საქართველოს და თბილისის ქუჩებში უფრო მეტი ადამიანი გამოვა, რომ არ დაუშვას საქართველოში შენნაირი კრიმინალური მენტალობის ადამიანების თარეში. ეს არის პირადი გზავნილი ჩემგან შენ!

არავინ დანებდეთ, მოგიწოდებთ, ვიყოთ მედგრად, ვიყოთ შემართებით, ვიყოთ მტკიცედ, სამშობლო გვაქვს ერთი, სამშობლოსთვის ბრძოლა არის ყველაზე დიდი ბედნიერება! ყველა უნდა ვიყოთ ძალიან მაგრად! არავინ შეშინდეთ და ჩვენ ამ ბრძოლას მივიყვანთ ძალიან დიდ გამარჯვებამდე“,- აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა