ანალგინის ხშირმა და არასწორმა გამოყენებამ შეიძლება, ძვლის ტვინის დათრგუნვა გამოიწვიოს - გიორგი ღოღობერიძე
ექიმი გიორგი ღოღობერიძე საკუთარ ტიკ-ტოკ გვერდზე ადამიანებს აწვდის ინფორმაციას, რატომ არ შეიძლება ანალგინი თვითნებურად, ექიმის რეკომენდაციის გარეშე მიიღონ:
-ანალგინი საქართველოში ძალიან პოპულარული საშუალებაა და მას ხშირად იყენებენ მაშინ, როცა ოჯახის წევრი ცუდადაა. უნდათ, რომ დაეხმარნენ, ვიდრე ექიმი მივა. ეს არასწორია, რადგან ხშირად წარმოდგენაც არ აქვთ, როგორ მოქმედებს ეს მედიკამენტი. რეალობაში ანალგინი ბრენდული სახელია, ხოლო მოქმედი ნივთიერება - მეტამიზოლი. მას სამგვარი მოქმედება გააჩნია: ერთი მხრივ, ტკივილს ხსნის, მეორე მხრივ ანტიპირეტულია - თუ პაციენტს ცხელება აქვს, ტემპერატურას აქვეითებს. ხოლო, მესამე მხრივ, ანტისპაზმურია. თუ ადამიანს სპაზმი, ჭვალი, კოლიკა აქვს, ამასაც ხნის. ანუ, ფართო მოქმედება გააჩნია. ამიტომაც არის ხოლმე, რომ მას დიმედროლთან კომბინაციაში ხშირად იყენებენ, მაგრამ ექიმთან შეთანხმების გარეშე. ეს არ არის სწორი, რადგან ანალგინის არასწორმა გამოყენებამ, ხშირმა გამოყენებამ ან არასწორ პაციენტებში გამოყენებამ შეიძლება, ძვლის ტვინის დათრგუნვა გამოიწვიოს. ზოგადად, ანალგინი, განსხვავებით არასტეროიდებისაგან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანებას ნაკლებად იწვევს. მაგრამ, შეიძლება ძვლის ტვინი დათრგუნოს. შეიძლება, სისხლში ლეიკოციტების რაოდენობა, განსაკუთრებით ნეიტროფილების, შეიძლება მკვეთრად შემცირდეს და ამან ბაქტერიული დაავადებების განვითარება ან დამძიმება გამოიწვიოს. განსაკუთრებით არ შეიძლება გამოყენება, როდესაც პაციენტი იმავდროულად ქიმიოთერაპიის კურსს გადის. როდესაც ქიმიოთერაპიის საშუალებებს ვნიშნავთ, ამ დროს ძვლის ტვინი ითრგუნება და დამატებით ისეთი საშუალების მიცემა, რომელიც ძვლის ტვინს თრგუნავს, სწორი არ არის. ამიტომ, ის ყოველთვის ექიმთან შეთანხმებით გამოიყენეთ - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.