მოწოდებები, რომ არ მოუსმინოთ საკუთარ მშობელს, არ მოუსმინოთ მასწავლებელს, მთლიანად ანგრევს იმას, რასაც ჰქვია განათლება, აღზრდა - განათლების მინისტრის მოადგილე
ის მოწოდებები, რომ არ მოუსმინოთ საკუთარ მშობელს, არ მოუსმინოთ მასწავლებელს, მთლიანად ანგრევს იმას, რასაც ჰქვია განათლება, აღზრდა, - განუცხადა გადაცემა „იმედის კვირას“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა აქციებში მოსწავლეების ჩართვის მოწოდებებთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, განათლების სისტემას, მათ შორის ფსიქოლოგიური მიმართულებით მოუწევს ძალიან დიდი სამუშაოს ჩატარება, ვინაიდან უკვე კლასელებს შორის არის დაპირისპირება - მე აქეთ ვდგავარ, შენ იქით დგახარ.
„ვინც გამოვა ქვეყანა უყვარს, ვინც დარჩება მონაა, - ასეთი ტიპის მოწოდებები და კიდევ ძალიან ბევრი რამ, რაც შემოგვთავაზეს, იყო ადმინისტრირებული, დაგეგმილი და ეს არ იყო ფრაგმენტულად, სპონტანურად მოფიქრებული, სამწუხაროდ.
ის მოწოდებები, რომ არ მოუსმინოთ საკუთარ მშობელს, არ მოუსმინოთ მასწავლებელს, მთლიანად ანგრევს იმას, რასაც ჰქვია განათლება, აღზრდა. თქვენ წარმოიდგინეთ, წლობით რომ ხდება მასწავლებელი მოსწავლისთვის ავტორიტეტი და წლები რომ სჭირდება ამას, ერთი ხელის მოსმით უნდოდათ ამ ყველაფრის დანგრევა, აღარაფერს ვამბობ მასწავლებელზე, არ მოუსმინოთ მშობლებს.
ჩვენ მოგვიწევს ძალიან დიდი სამუშაოს ჩატარება, განათლების სისტემას, მათ შორის ფსიქოლოგიური მიმართულებით იმიტომ, რომ უკვე კლასელებს შორის არის დაპირისპირება - მე აქეთ ვდგავარ, შენ იქით დგახარ“, - აღნიშნა თამარ მახარაშვილმა.
მისივე თქმით, რიგ შემთხვევაში სკოლამდეც არ უშვებდნენ ბავშვებს.
„მშობელი უშვებდა ბავშვს სკოლაში, სკოლამდეც ვერ მოდიოდა იმიტომ, რომ სკოლის ეზოსთან ხვდებოდნენ და პირდაპირ ეუბნებოდნენ, შენ აქ უნდა იდგე, ვინაიდან ეს არის სწორი.
2 100 სკოლაა ჩვენს სივრცეში. ზოგადად, სკოლამ იფუნქციონირა ძალიან ეფექტურად, რადგან ამხელა ბულინგს გაუძლო. არსად სასწავლო პროცესი არ ჩაშლილა. განათლების სამინისტრო თავიდან ბოლომდე იყო ამ პროცესში ჩართული, მაგრამ ეს არის დამსახურება, რა თქმა უნდა, ადმინისტრაციის, სკოლის ადმინისტრაციის და სკოლის მასწავლებლების. მინდა მათ ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა, რომელთაც გააზრებული აქვთ, ვის ემსახურებიან.
ჩვენ ვემსახურებით ჩვენს ყველაზე სანუკვარს და საერთო რაც გვაქვს, როგორი გზებიც არ უნდა გვქონდეს პოლიტიკური, ყველა ერთად ვმუშაობთ, ვშრომობთ ამ ქვეყანაში და ვცხოვრობთ ჩვენი მომავალი თაობისთვის“, - განაცხადა მან.