ძალადობის კერად იქცა რუსთაველის გამზირი, ამ მხრივ გაუგებარია სახალხო დამცველის პოზიცია რომელიც დემონსტრაციას მშვიდობიანს უწოდებს - პაპუაშვილი
ძალადობის კერად იქცა რუსთაველის გამზირი. სამართალდამცველები, რისი აღკვეთაც შეუძლიათ, იმას აღკვეთენ, თუმცა ვხედავთ, რომ ქაოსურ გარემოს ქმნიან რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის ცალკეული მონაწილეები, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც დაინტერესდა რატომ არ რეაგირებს დემონსტრაციების დროს პოლიცია ცალკეულ დანაშაულებზე.
პაპუაშვილის თქმით, როდესაც პოლიციელების მისამართით ისვრიან მაშხალებს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს, რთულია რამდენიმე პოლიციელი გამოეყოს კორდონს და დაიწყოს დანაშაულის აღკვეთა.
„რა თქმა უნდა, ეს გამოწვევაა, რომ პოლიციას არ შეუძლია ყველა ამ საკითხზე, ყველა ასეთ ძალადობაზე რეაგირება.
რისი შემსწრეც იყო და არ მოახდინა რეაგირება, ესეც ნაწილია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოძიების. ასე, რომ ყველა ამ საკითხს პასუხს გასცემს საგამოძიებო სამსახური. ბევრ დანაშაულზე რეაგირება ვერ ხდებოდა ეს დღეები, პოლიციელებს პირდაპირ ესროდნენ დამიზნებით მაშხალებს, ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში ესროლეს მაშხალა, ასეთ მომენტში რატომ არ დააკავა პოლიციამ? დაკავება ვერ შეძლო იმიტომ, რომ ძალადობის კერად იქცა რუსთაველის გამზირი და რთული არის ყველა ასეთ დანაშაულზე რეაგირება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, პოლიციელებს დამიზნებით საარტილერიო ცეცხლს უხსნიან და ამას არ აქვს კავშირი ევროპასთან. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გაუგებარია ამ მხრივ სახალხო დამცველის პოზიცია, რომელიც დემონსტრაციას მშვიდობიანს უწოდებს.