ახლა ვაკვირდებით ახალი ქვეყნის დაბადებას, რომელიც თავისუფლდება წარსულის ბევრი მძიმე ტვირთისგან - ბადრი ჯაფარიძე
ახალ არჩევნებზე როცა ვსაუბრობთ, უნდა გამოვრიცხოთ 26 ოქტომბრის განმეორება, ჩვენ გვჭირდება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, რაც არის ქართველი ხალხის ფუნდამენტური უფლება, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, ქუჩაში გამოსული ხალხი არ შებრუნდება სახლებში, ვიდრე მთავარ მიზანს არ მიაღწევს.
„საქართველოში მიმდინარე მანიფესტაციებში 35 წლის წინ დავიწყე აქტიური მონაწილეობა და ის, რაც ამჟამად ქუჩებში ხდება, სრულიად ახალი ფენომენია. ვფიქრობ, ახლა ვაკვირდებით ახალი ქვეყნის დაბადებას, რომელიც თავისუფლდება წარსულის ბევრი მძიმე ტვირთისგან და მე ვამაყობ ჩვენი თანამოქალაქეებით, რომლებიც მშვიდობიანად იცავენ თავიანთ ფუნდამენტურ უფლებებს და ისინი არ დათმობენ თავისუფლებას, ისინი არასოდეს შეეგუებიან ქვეყნის ევროპული მომავლის დაკარგვას.
ქართველი ხალხი დღეს ქუჩაშია და არ შებრუნდება საკუთარ სახლებში, ვიდრე არ მიაღწევს მთავარ მიზანს – ავტოკრატიული რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ადამიანების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ახალი არჩევნების ჩატარებას.
ახალ არჩევნებზე როცა ვსაუბრობთ, ცხადია, ვგულისხმობთ მის ჩატარებას ახალი, დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში და საერთაშორისო ზედამხედველობით. ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ 26 ოქტომბრის განმეორება, ჩვენ გვჭირდება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, რაც არის ქართველი ხალხის ფუნდამენტური უფლება“, – წერს ჯაფარიძე.